ჯავახური იონჯა
სახეობის სახელწოდება: Medicago dzhawakhetica Bordz.
სახეობის სახელწოდება: ჯავახური იონჯა
წარმოშობა: ტიპური ალპური მცენარეა. ველური სახით გავრცელებულია მთიან რაიონებში, ძირითადად - ჯავახეთში 2500-2800 მ სიმაღლეზე. გვხვდება ქვა-ღორღიან ნიადაგებზე.
სახეობის დახასიათება: საქონლის კარგი საკვები მცენარეა, განსაკუთრებით საძოვრებზე. ივითარებს ძლიერ შეფოთლილ ბუჩქს. ღერო მწოლიარეა, ოდნავ წამოწეული და სიმაღლით 10-25სმ-ს აღწევს, ფოთოლაკი ოვალური ფორმისაა, ზედაპირი შიშველია ან დაფარულია ბუსუსებით, ქვედა მხარე კი ბანჯგვლიანი შებუსვა აქვს. გვირგვინი ოქროსფერი ან ყვითელია. მტევანი 5-20 ყვავილისაგან შედგება, რომლებიც მოკლე ფეხზე სხედან. პარკი 2-4-ჯერაა სპირალურად მოხვეული, მისი ზედაპირი შიშველია ან დაფარულია მცირეოდენი ბეწვით.
დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში; ასევე შესაძლებელია ინახებოდეს გატერსლებენის გენბანკში (IPK).
დამატებითი ინფორმაცია: ნიადაგისადმი მომთხოვნი არ არის, კარგად იტანს გვალვასა და ყინვებს. ადვილად იტანს გაძოვებას. ამ თვისებების გამო იგი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მცენარედ მაღალმთაში, საძოვრების გაუმჯობესების თვალსაზრისით.
წყაროები: 1. მემცენარეობა - ბ. გაბუნია, ნ. ჩხენკელი, ა. ჯაფარიძე. თბილისი 1959წ.;
2. ძირითადი საკვები კულტურები საქართველოში - მიხეილ დალაქიშვილი. თბილისი, 1978წ.