ბეზოსტაია 1 ხორბალი
სახეობის სახელწოდება: Triticum aestivum L.
სახესხვაობის სახელწოდება: Triticum aestivum var. lutescens (Alef.) Velican
ჯიშის სახელწოდება: ბეზოსტაია 1 - Triticum aestivum ‘Bezostaia 1’
წარმოშობა /გავრცელება/დარაიონების წელი/რეგიონი: გამოყვანილია პ. ლუკიანენკოს სახელობის კრასნოდარის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მიერ, ჰიბრიდულ ჯიშ ბეზოსტაია 4–დან (ლუტენსენს 17 Х სკოროსპელკა 2), ინდივიდუალური შერჩევის მეთოდით. გასავრცელებლად დაშვებულია 1960 წლიდან საქართველოში ხორბლის მთესველი ყველა რეგიონისათვის.
მოკლე აღწერა: განვითარების ტიპის მიხედვით ჯიში საშემოდგომოა, უძლებს ზამთრის უარყოფით პირობებს და გვალვასაც კარგად იტანს. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 270 დღეა. ღერო საშუალო სიმაღლის (90-100 სმ), საკმაოდ მსხვილი და უხეში, ჩაწოლისადმი გამძლე. თავთავი პრიზმული ფორმის, უფხო, თეთრი, შეუბუსავი, მოკლე ან საშუალო სიგრძის (7–9 სმ), საშუალოზე მაღალი სიმკვრივის. თავთუნი მრავალყვავილიანი. მარცვალი ყვავილის კილებში მოთავსებულია მჭიდროდ და არ ახასიათებს ცვენადობა. მარცვალი წითელი, ოვალური ფორმის, რქისებრი და ნახევრადრქისებრი კონსისტენციით, მსხვილი. 1000 მარცვლის მასა 40-48 გრამი, მარცვალში ცილის შემცველობა 13,5-15,7 %, ნედლი წებოგვარასი კი 29,3-32,7 %. საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა შეადგენს 3,0-4,5 ტონას. მცენარე ავადდება ყვითელი ჟანგათი და მტვრიანა გუდაფშუტით, შედარებით ნაკლებად მურა ჟანგათი.
დღევანდელი მდგომარეობა: ხორბლის სასელექციო სანერგეებში ითესება ჯიშ- სტანდარტად.
წყარო: ბ. ჯანელიძე, ვ. გორგოშიძე – საშემოდგომო ხორბლის დარაიონებული ჯიშები საქართველოსათვის, თბილისი 1960 წ. გვ. 56; ბ. გაბუნია, ნ. ჩხენკელი, ა. ჯაფარიძე – მემცენარეობა, თბილისი 1969 წ. გვ. 28; Каталог районированных в центральной азии сортов пшеницы и ячменя, Алматы, 2003 г. ст. 9.
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში მიეკუთვნება ძლიერი ხორბლების ჯგუფს, მაღალი აქვს პურცხობის თვისებები.