იფქლი ხორბალი
საზოგადო სახელი: ხორბალი
სახეობის სახელწოდება: Triticum aestivum L.
ჯიშის სახელწოდება: იფქლი -Triticum aestivum ‘Ipkli’
გავრცელება: იფქლი დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი ჯიშია. ძირითადად გავრცელებული იყო რაჭა–ლეჩხუმში, მაგრამ გვხვდებოდა დასავლეთ საქართველოს სხვა მთიან ზონებშიც.
დახასიათება: პოპულაციას ახასიათებს მსხვილთავთავიანი ფორმები. მცენარე მძლავრად განვითარებულია; ღერო მაღალია, მსხვილი, შედარებით გამძლეა ჩაწოლისადმი. შეფოთვლა ძლიერია, ბარტყობა კო საშუალო. ძალიან მომთხოვნია ატმოსფეროსა და ნიადაგის მაღალი ტენის მიმართ. ნახევრად საშემოდგომო ფორმებია. თავისი გავრცელების ზონაში მაღალმოსავლიანი ჯიშია. თავთავი თითისტარისმაგვარი ან ცილინდრული, რომლი სიგრძე 6–8 სმ აღემატება. ფარჩხატია ან საშუალო სიმკვრივისა. მრავალთავთუნიანია, თავთუნი კი მრავალყვავილიანი და მრავალმარცვლოვანი. თავთუნის კილი ოვალურია, მოკვეთილი მხარით, თავთუნის კილის კბილაკი გრძელია, წაწვეტებული, ხშირად ფხისმაგვარი. ფხები არ არის უხეში, საშუალო სიგრძისაა და გადაშლილი. მარცვალი ოვალური ფორმისაა და მსხვილი, 1000 მარცვლის წონა 35–43 გრ უდრის, ზოგჯერ 48 გრამს აღწევს, ნახევრად რქისებრია ან უმეტესად რქისებრი. მარცვლის ნატურა 760–787 გრ უდრის. დაფქვის მაღალი და პურცხობს საშუალო თვისებით ხასიათდება.
დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ეს ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.
წყაროები: პ. ნასყიდაშვილი, მ. სიხარულიძე, ე. ჩერნიში ხორბლის სელექცია საქართველოში. თბილისი 1983
ბ. ჯანელიძე, ვ გორგოშიძე საშემოდგომო ხორბლის დარაიონებული ჯიშები საქართველოსათვის თბილისი 1960
The International Plant names Index http://www.ipni.org/
Wheat Genetic and Genomic Resources Center TRITICUM CLASSIFICATION SYSTEMS http://www.k-state.edu./wgrc/Taxonomy/taxtrit.html