ჭიათურული ადგილობრივი სოია
სახეობის სახელწოდება: Glycine max (L.) Merr.
ჯიშის სახელწოდება: ჭიათურული ადგილობრივიGlycine max 'Chiaturuli Adgilobrivi'
წარმოშობა: ხალხური სელექციის ნიმუშია, ადგილობრივი ჯიშ-პოპულაციაა, გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს, კერძოდ კი ზემო იმერეთის შემაღლებულ ადგილებზე და ნაწილობრივ რაჭა-ლეჩხუმშიც. ჯიში გაუმჯობესებულია სასელექციო სადგურში, მასობრივი შერჩევის მეთოდით. დარაიონებულია 1938 წლიდან.
ჯიშის დახასიათება: ჭიათურული ადგილობრივი საადრეო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდი 100-120 დღე გრძელდება. მიეკუთვნება მანჯურიული ქვესახეობის, ჭიათურული სოიას ტიპს, სააპრობაციო ჯგუფს - serotina Enk. ბუჩქის სიმაღლე 50-70სმ-მდე. ფორმა იცვლება გაშლილიდან ნახევრად კომპაქტურამდე, დატოტვა ძლიერი ან საშუალოა, ღერო სწორმდგომი, ინტენსიური ზრდის შემთხვევაში დახვევისადმი მიდრეკილებას იჩენს და შესაძლებელია, ჩაწვეს. ფოთოლი საშუალო სიდიდისაა, ფართო ლანცეტისებური. კენწრული ფოთოლი პატარაა და დაფარულია ქერა ბუსუსებით. ყვავილები განცალკავებით სხედან ყვავილსაჯდომზე, იასამნისფერია. პარკები ჩალისფერია, ოდნავ მოხრილი, საშუალო ზომის. პარკის მიმაგრების სიმაღლე ნიადაგიდან 10-15სმ-ია. ცვენადობა საშუალო აქვს. მარცვალი ოვალურია, ოდნავ მობრტყო, ჩალისებრ-ყვითელი, გვხვდება ყავისფერიც. ჭიპი სხვადასხვა შეფერვისაა, ჭიპს ქვემოთ აქვს მუქი ფერის წერტილი და ლაქა. 1000 მარცვალი იწონის 190-220გ-ს. თესლში ცხიმის საშუალო შემცველობა 19,3%, ცილა 44,5%-მდე.
დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში, ასევე შესაძლებელია დაცული იყოს რუსეთის ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR), ასევე სვოლბორდის თესლის საცავში (SGSV).
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში სამარცვლე მიმართულებისაა, დაავადებებისა და მავნებლების მიმართ გამძლეა, გვალვაგამძლეობა საშუალო აქვს. აღნიშნული ჯიში გამოთანაბრებული არ არის, გვალვიან პირობებში მორფოლოგიური ნიშნები ცვალებადობს.
წყაროები: სერგო თედორაძე, სოია, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963 წ.;
მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომები, ტ. XIII, თბილისი, 1966 წ.;
გ. ბადრიშვილი, მემცენარეობა, თბილისი, 1981 წ.;
აკაკი აფხაზავა, სოიის კულტურა საქართველოში, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1982 წ.