წითელი ფეტვი
სახეობის სახელწოდება: Panicum miliaceum L.
სახესხვაობის სახელწოდება: Panicum miliaceum var. subalboochraceum V.M. Arnold
ჯიშის სახელწოდება: წითელი ფეტვი Panicum miliaceum subalboochraceum ‘Tsiteli Phetvi’
წარმოშობა: უძველესი ადგილობრივი ჯიშია, გავრცელებული იყო გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, ზემო სვანეთის და სხვა მაღლობ ადგილებში.
ჯიშის დახასიათება: მცენარე საშუალო სიმაღლისაა - 70-90 სმ. სავეგეტაციო პერიოდი მოკლე აქვს - 90 დღე, საადრეო ჯიშია. ახასიათებს ღეროს დატოტვა. საგველა ყვავილედი მოკლეა და ფარჩხატი. ყვავილედი ნახევრად გადაშლილია, ქვედა ტოტები ქვევითაა დაშვებული, ზედა კი აკრულია ყუნწზე, სიგრძით მოკლეა - 13-15 სმ. ყვავილედის ყუნწი სწორია. მარცვალი მიკრულია კილებზე და ძნელად იცეხვება. კილები ჩალისფერია, მარცვალი ღია ყვითელია და გვერდები წითლად აქვს შეფერილი.
დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში; სვოლბორდის თესლის საცავში (SGSV); ასევე შესაძლებელია ინახებოდეს გატერსლებენის გენბანკში (IPK).
დამატებითი ინფორმაცია: მოკლე ვეგეტაციის გამო თავისუფლად თესდნენ მთიან რაჭაში, პურეულების აღების შემდგომ ივნის-ივლისში. შუალედური კულტურის სახე ჰქონდა. რაჭაში წითელი ჭადის სახელითაც მოიხსენიებდნენ.
წყაროები: ნ.ი. ჩხენკელი, ფეტვნაირი პურეულების სარკვევი, თბილისი, 1948 წ;
ი. მაისაია, ფეტვის კულტურა საქართველოში, თბილისი, 1998 წ;
დახასიათებულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის, ფეტვნაირი კულტურების კურატორის მიერ.