ახალქალაქური ცერცველა
სახეობის სახელწოდება:Vicia sativa L.
ჯიშის სახელწოდება: ახალქალაქური Vicia sativa ‘Akhalkalakuri’
წარმოშობა: ხალხური სელექციით მიღებული ჯიშ-პოპულაციაა. დარაიონებულია 1938 წლიდან ცერცველას მთესველი ყველა რაიონისათვის. გავრცელებულია მთელს ჯავახეთის ზეგანზე.
ჯიშის დახასიათება: საგაზაფხულო ფორმაა, საადრეოა. მარტში დათესილი მცენარის სავეგეტაციო პერიოდი 114-117 დღეა. მცენარის სიმაღლე 60სმ-მდე აღწევს, ღერო ვიწროა, წახნაგოვანი, სუსტად შებუსული. ფოთოლი 4-8 ფოთოლაკისაგან შედგება. ფოთოლაკი ოვალური ან ელიფსურია, მუქი მწვანე შეფერილობის, სიგრძით 4 სმ-მდე. ყვავილედი - იღლიურია, მჯდომარე, ორყვავილიანი. ყვავილედი დიდია 18-26სმ სიგრძის, მოვარდისფრო ან იისფერი. პარკი ხმლისებრია, მოხრილი და კაუჭისებრი ნისკარტით ბოლოვდება, ჩვეულებრივ ოთხთესლიანია. თესლი მომრგვალო ან მობრტყოა, სხვადასხვა შეფერვის, თეთერი, ყვითელი, ნაცრისფერი, ყავისფერი და შავი. უფრო მეტად გავრცელებულია მუქი პოპულაცია. 1000 მარცვლის მასა 51-70გრ-ია. თივის მოსავალი საშუალოდ - 4,6ტ/ჰა. მარცვლისა კი 1,2ტ/ჰა. მარცვალში ცილა 27,3%-ია, სახამებელი 37,7%.
დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში; ასევე შესაძლებელია ინახებოდეს რუსეთის ვავილოვის სახელობის მემცენარეობის კვლევით ინსტიტუტში (VIR), და გატერსლებენის გენბანკში (IPK).
დამატებითი ინფორმაცია: ახალქალაქური ცერცველა ზიანდება ჟანგათი და ნაცრით, მავნებლებიდან - მემარცვლიათი.
წყაროები: გ. ბადრიშვილი, მემცენარეობა, თბილისი, 1981წ;
Программа селекционных работ Закавказского комплексного селекционного центра по растениеводству до 1990 года, Тбилиси, 1991г.