მახა ხორბალი
სახეობის სახელწოდება: Triticum macha Dekapr. & Menabde
სინონიმი: Triticum aestivum subsp. macha (Dekapr. & Menabde) MacKey
სახეობის სახელწოდება: მახა
გავრცელება: მახა საქართველოს ენდემური სახეობაა. გავრცელებული იყო რაჭა-ლეჩხუმის მთიან ზონაში. (900-1200 მ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან).
სახეობის დახასიათება: აერთიანებს ველურ და კულტურული ხორბლის ნიშნებს, რაც მიუთითებს ამ სახეობის ინიციალურობაზე. მახა მიწათმოქმედების საწყისი კულტურის რელიქტური სახეობაა. განვითარების ციკლი საშემოდგომო ან ნახევრად საშემოდგომო. მცენარე საშუალო სიმაღლისაა (80-120 სმ.). კოლეოპტილე უფერო, იშვიათად იისფერი, პირველი ფოთოლი მწვანე ან იისფერი. ფოთოლი დათავთავების წინ იფარება ცვილისებრი ნაფიფქით. ბუჩქი-გართხმული ან ნახევრად გართხმული. ღერო ვიწრო ღრუა, ღეროს მუხლები -შიშველი, ფოთლები ვიწროა, (9,5 მმ.)მდე. ან ფართო(10მმ ზე მეტი), კავები მწვანე ან ანტოციანური, წამწამებით. თავთავი ფხიანი ნახევრადფხიან-ინფლატური ან უფხო, ბრტყელი, ფხები მნიშვნელოვნად მოკლეა თავთავზე. თავთავი ჩვეულებრივ იცვლება 5-11 სმ-ს ფარგლებში, ძნელად ილეწება. მკვრივი. თავთავის ღერაკი მტვრევადი. თავთავის ღერაკი შედარებით სქლად შებუსული. ღერაკის ნაწევრები ფორმასთან დამოკიდებულებით, იცვლება 2 დან – 4 მმ. მდე. ხოლო სიგანე 2 დან 3 მმ. თავთუნი 3–5 ყვავილიანია, მაგრამ მარცვლების რაოდენობა თავთუნში არ აღემატება 2–3. თავთუნის კილის ფორმა იცვლება ნიჩბისებურიდან ლანცეტურამდე. თავთუნის კილის მხარი ჩვეულებრივ კარგად განვითარებულია. ადვილად ავადდება ჟანგათი. აღწერილია მახას 14 სახესხვაობა.
დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად საქართველოში ეს სახეობა დაცულია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის გენბანკში.
წყაროები: პ. ნასყიდაშვილი, მ. სიხარულიძე, ე. ჩერნიში ხორბლის სელექცია საქართველოში თბილისი 1960
ნ. ბრეგაძე საქართველო მიწათმოქმედების დამოუკიდებელი კერა თბილისი 2004
В. Ф. Дорофеев. Культурная Флора СССР Т- I Пшеница. Колос 1979
В. Л. Менабде Пшеницы Грузии - Тбилиси 1948
The International Plant names Index http://www.ipni.org/
Wheat Genetic and Genomic Resources Center TRITICUM CLASSIFICATION SYSTEMS http://www.k-state.edu./wgrc/Taxonomy/taxtrit.html