უნივერსალი ლობიო
სახეობის სახელწოდება: Phaseolus vulgaris L.
ჯიშის სახელწოდება: უნივერსალი Phaseolus vulgaris ‘Universali’
წარმოშობა: გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წყალტუბოს მებოსტნეობის საცდელ სადგურში, ადგილობრივი მეტად ჭრელი პოპულაციიდან ინდივიდუალური გამორჩევის გზით. ავტორი - შ. ობოლაძე.
ჯიშის დახასიათება:მეტად საადრეო ჯიშია. იმერეთის პირობებში შესაძლოა მოგვცეს ორი მოსავალი. მასობრივი აღმოცენებიდან ყვავილობამდე 29-33 დღეა, აღმოცენებიდან ფიზიოლოგიურად მწიფე პარკის მიღებამდე - 85-95 დღე. ბუჩქი კუტია 30-40 სმ. ახასიათებს საშუალო დატოტვა. ფოთოლი ფართოა, მუქი მწვანე, კვერცხისებრი ფორმის, ზედაპირი სუსტადაა გოფრირებული. ყვავილი იასამნისფერია. პარკი ტექნიკურ სიმწიფეში მწვანეა, ოდნავ მოხრილი, 8-10 სმ სიგრძისა და 10-12 მმ სიგანის. პარკი ნაზია, პერგამენტის შრე და ძაფები არ ახასიათებს ფიზიოლოგიურ სიმწიფეშიც კი. პარკში 3-5 მარცვალია, თესლი საკმაოდ მსხვილია, თირკმელისებრი ფორმისაა, შინდისფერ-წითელია, თესლის ზედაპირი გლუვია, მარცვლის სიგრძე 14-18 მმ-ია, ხოლო სიგანე - 9-11მმ. 1000 მარცვლის მასაა 450-550 გრ. ჯიში, როგორც სახელწოდებიდან ჩანს, უნივერსალურია. წარმატებით გამოიყენება საპარკედ და სამარცვლედ. ფიზიოლოგიურ სიმწიფეში მარცვალი შეიცავს 24-27% ცილას, ხოლო ტექნიკურ სიმწიფეში მყოფი პარკი 3.02%-ს.
დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ინახება აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში.
დამატებითი ინფორმაცია: გამძლეა ბაქტერიოზი მიმართ. ხანგრძლივ ტენიან პირობებში შეიმჩნევა ასკოქიტოზის დაავადების შემთხვევები. ხასიათდება მაღალი გემური თვისებებით.
წყაროები: შოთა ობოლაძე, საბოსტნე პარკოსანი კულტურები, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1984, გვ. 28-29.