ცოცხი
სახეობის სახელწოდება: Sorghum bicolor (L.) Moench
ჯიშის სახელწოდება: ცოცხი Sorghum bicolor ‘Tsotskhi’
წარმოშობა: უძველესი ადგილობრივი ჯიშია, ითესება როგორც მთისწინა ზონებში, ასევე ბარში. დღეისათვის ეს ჯიში ცალკე ნათესების სახით არ გვხვდება, სიმინდის ყანების გარშემო და საკარმიდამო ნაკვეთების განაპირა ზოლებში თესენ შემონათესის სახით.(იმერეთი, სამეგრელო, ქვემო სვანეთი, ქვემო და შიდა ქართლი)
ჯიშის დახასიათება: საადრეო ჯიშია, მისი სავეგეტაციო პერიოდი 110-125 დღეა. მცენარე საკმაოდ მაღალია - 190-250სმ. სწორმდგომია, დაუტოტავი, ყვავილედი ფარჩხატია, ცოცხისებური, მარაოსავითაა გადაშლილი, სიგრძით 45-50სმ. თავთუნის კილი მოჩალისფრო-ყვითელია. ყვავილედის გვერდითი დანატოტები საშუალო სიგრძისაა - 15სმ. მარცვლის რაოდენობა საგველაში 250 ცალია. 1000 მარცვლის მასა 43-55 გრამია.
დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში, ასევე ინდოეთში ICRISAT გენბანკში.
დამატებითი ინფორმაცია: მცენარე იზრდება ძალიან მაღალი, მარცვალს საკვებად არ იყენებენ, გლეხობა მის თაველს დასაგველად, საცოცხედ ხმარობს. მცენარის სიმაღლის გამო სიმინდის ყანების გარშემო ქარსაფარი ზოლის ფუნქციასაც ასრულებს ქვემო იმერეთის ქარიან ზონებში. მარცვალი თაველიდან რთულად იცეხვება.
წყაროები: ნ.ი. ჩხენკელი, ფეტვნაირი პურეულების სარკვევი, თბილისი, 1948 წ;
აღწერილია ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების განყოფილების მეცნიერისა და აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის ფეტვნაირი კულტურების კურატორის მიერ.