ქონდარა ხორბალი ხორბალი
სახეობის სახელწოდება: Triticum compactum Host
სინონიმი: Triticum aestivum subsp. compactum (Host) Mackey
სახეობის სახელწოდება: ქონდარა ხორბალი
გავრცელება: საქართველოშო ქონდარა ხორბალი გავრცელებული იყო ხორბლის სხვა ფორმებთან მინარევების სახით და ძალიან იშვიათად ქმნიდა ნათესის ფონს. მხოლოდ გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში აღმოჩენილია ამ სახეობის მცირე ნათესები კარახანას სახელწოდებით.
სახეობის დახასიათება: განვითარების ციკლით როგორც საშემოდგომო ისე საგაზაფხულო ფორმაა. მცენარე ნახევრად გართხმული, სიმაღლით 90-100 სმ, საშუალო შეფოთვლით, შეუბუსავი ან იშვიათად შებუსული. თავთავი მოკლე (3,5-6 სმ), ფართო, მკვრივი (D=35-50). თავთუნის კილზე ქედი სუსტადაა განვითარებული, მთავრდება წაგრძელებული კბილით (1,5-10 მმ), კბილი გარეთაა გამოშვერილი, იშვიათად შიგნით. თავთუნი მრავალყვავილიანია, 2-4 ყვავილით. თავთავი ფხიანი ან უფხო. ფხები საშუალო სიგრძისაა. მარცვალი კილებში მჭიდროდაა მოთავსებული ამიტომ, ცვენადობა არ ახასიათებს. მარცვალი მოკლე, წვეროსკენ შევიწროებული, რქისებრი, ან ფქვილისებრი კონსისტენციით.
საქართველოში 14 სახესხვაობა იყო აღნიშნული
მისი გენოტიპი ატარებს მთავარ გენს C, რომელიც იწვევს თავთავის ღერაკის შემოკლებას. ეს გენი ლოკალიზებულია 2D ქრომოსომაში.
დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად საქართველოში ეს სახეობა დაცულია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის გენბანკში.
წყაროები: პ. ნასყიდაშვილი, მ. სიხარულიძე, ე. ჩერნიში ხორბლის სელექცია საქართველოში თბილისი 1960
В. Л. Менабде Пшеницы Грузии - Тбилиси 1948
The International Plant names Index http://www.ipni.org/
Wheat Genetic and Genomic Resources Center TRITICUM CLASSIFICATION SYSTEMS http://www.k-state.edu./wgrc/Taxonomy/taxtrit.html