უტრო ჭვავი
საზოგადო სახელი: ჭვავი
სახეობის სახელწოდება: Secale cereale L.
ჯიშის სახელწოდება: უტრო. Secale cereale ‘Utro’
წარმოშობა: ინტროდუცირებული ჯიშია, მისი წარმოება საქართველის ყველა რეგიონისათვის დარეგისტრირებულია 1982 წლიდან.

მოკლე აღწერა: აღმონაცენი მწვანე-მოლურჯო ელფერის, ნახევრად გართხმული, ხასიათდება ძლიერი ბარტყობითა და სწრაფი განვითარებით. ღერო მაღალია, 5–6 მუხლთშორისით, 150–180 სმ-მდე, წვრილი, არ ახასიათებს ჩაწოლა. ფოთლის ფირფიტა ფართოა, ხაოიან-ბუსუსიანი, ენაკი და კავები სუსტადაა განვითარებული. თავთავი ღია ჩალისფერია, მკვრივი, არ არის მტვრევადი, სიგრძე - 12–15 სმ. ადვილად ილეწება. თავთუნში 2–3 ყვავილია, მესამე ყვავილი არ ვითარდება და მარცვალს არ იკეთებს. თავთუნის კილები ვიწროა, სუსტად განვითარებული, სადგისისებრი, ყვავილის კილებზე უფრო მოკლე. ყვავილის გარეთა კილი კარგად განვითარებულია, ლანცეტური, შებუსვილი, დაკბილული, ქედი კარგადაა გამოსახული და ფხაში გადადის. მარცვალი ვიწროა და მოგრძო, ღრმა ღარით, წვერი შებუსვილი, 1000 მარცვლის მასა - 25–35 გრამია.
დღევანდელი მდგომარეობა: თესლი ინახება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების საცავში.
წყაროები: საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დარაიონებული ჯიშების კატალოგი 1997 წლისათვის, თბილისი, 1996 წ. გვ. 25;
გ. ბადრიშვილი, ვ, ზედგინიძე, რ. ძიძიშვილი, მემცენარეობა თესლმცოდნეობის საფუძვლებით, თბილისი, 2009 წ. გვ. 70;
საქართველოს მთიანეთის სოციალურ–ეკონიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები – საქ, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, 2010 წ. გვ. 326.