ასლი ხორბალი
სახეობის სახელწოდება: Triticum dicoccum (Schrank) Schübl.
სინონიმი: (basionym: Triticum spelta var. dicoccon Schrank ; Triticum turgidum subsp. dicoccon
(Schrank) Thell.; Triticum dicoccum Schrank ex Schübl. )
სახეობის ადგილობრივი სახელწოდება: ასლი
გავრცელება: ასლის ნათესები გასული საუკუნის შუა ხანებში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ მთიან რაიონში (წალკა, ჯავახეთი, მესხეთი, დმანისი, ფშავი, ხევსურეთი, სამაჩაბლო). დასავლეთ საქართველოში ერთეული მინარევების სახით მახას ნათესებში.
სახეობის დახასიათება: განვითარების ციკლით საგაზაფხულოა. ასლის ქართული ფორმები ხასიათდებიან შემდეგი ნიშნებით: კოლეოპტილე და პირველი მწვანე ფოთოლი-ანტოციანური. ფოთოლი სქლად დაფარულია ნაზი ხავერდოვანი ბეწვებით. ღერო წვრილია, ღრუ, თავთავის ძირში სხვადასხვა სიძლიერით ამოვსებული პარენქიმით. ღერო სიმაღლით 70-105 სმ-ია. თავთავი სიგრძით 7-7 სმ-მდე. მკვრივი (D=28-40). ფხიანი, ფხები გრძელი (10-17 სმ). თავთუნები ოვალური ან მოგრძო ოვალური,პრიალა ან ზედა ნაწილში დაფარულია მოკლე კბილაკებით. თავთუნის კილზე ნათლადაა გამოსახული ქედი, რომელიც მთავრდება მოკლე (1 მმ-მდე) მახვილი ან ლაგვი კბილით. თავთუნში ორი ყვავილი ვითარდება, მარცვალი ბრტყელია, საკმაოდ მჭიდროდაა მოთავსებული ყვავილის კილებში. ჩვეულებრივი ლეწვით მარცვალი კილებიდან ვერ თავისუფლდება. საქართვლოში აღწერილია ასლის 6 სახესხვაობა. გამძლეა არახელსაყრელი პირობებისადმი და დაავადებებისადმი. ხასიათდება მარცვალში ცილის მაღალი შემცველობით.
დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად საქართველოში ეს სახეობა დაცულია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის გენბანკში.
წყაროები: პ. ნასყიდაშვილი, მ. სიხარულიძე, ე. ჩერნიში ხორბლის სელექცია საქართველოში თბილისი 1960
В. Л. Менабде Пшеницы Грузии - Тбилиси 1948
The International Plant names Index http://www.ipni.org/
Wheat Genetic and Genomic Resources Center TRITICUM CLASSIFICATION SYSTEMS http://www.k-state.edu./wgrc/Taxonomy/taxtrit.html
დამატებითი ინფორმაცია: ასლი ხორბლის უძველესი სახეობაა და პრეისტორიულ კულტურად ითვლება. ი. ჯავახიშვილის მიხედვით ასლის კულტურა ფართოდ ყოფილა გავრცელებული ჩვენი ხანის IV საუკუნეში ჭანებში, რომლებიც ცხოვრობდნენ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე (ქსენოფონტეს მიხედვით.)