შავი ფეტვი
საზოგადო სახელი: ფეტვი
სახეობის სახელწოდება: Panicum miliaceum L.
სახესხვაობის სახელწოდება: Panicum miliaceum var. subcinereum Korn.
ჯიშის სახელწოდება: შავი ფეტვი Panicum miliaceum subcinereum ‘Shavi Phetvi’
წარმოშობა: უძველესი ადგილობრივი ჯიშია, ფეტვის მთის ეკოგეოგრაფიულ ჯგუფს წარმოადგენს. გავრცელებული იყო ზემო სვანეთში და რაჭა-ლეჩხუმში, ზემო სვანეთში დღესაც ითესება საკარმიდამო ნაკვეთებზე მცირე რაოდენობით.
ჯიშის დახასიათება: მცენარე საშუალოზე მაღალია 100-130სმ. სავეგეტაციო პერიოდი მოკლე აქვს - 70-80 დღე, საადრეო ჯიშია. ახასიათებს ღეროს დატოტვა. საგველა ყვავილედი მოკლეა და ფარჩხატი. ყვავულედი ნახევრად გადაშლილია, ქვედა ტოტები ქვევითაა დაშვებული, ზედა კი აკრულია ღეროზე, სიგრძით საშუალოა - 25-27 სმ. ყვავილედის ღერო სწორია. მცენარე შეფოთლილია შედარებით მოზრდილი ლანცეტური ფორმის ფოთლებით. მარცვალი მიკრულია კილებზე და ძნელად იცეხვება. კილები ჩალისფერია, საშუალო ზომის მარცვალს ივითარებს, მარცვალი მონაცრისფრო-მოშავოა.
დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში; სვოლბორდის თესლის საცავში (SGSV); ასევე შესაძლებელია ინახებოდეს გატერსლებენის გენბანკში (IPK).
წყაროები: ნ.ი. ჩხენკელი, ფეტვნაირი პურეულების სარკვევი, თბილისი, 1948 წ;
ი. მაისაია, ფეტვის კულტურა საქართველოში, თბილისი, 1998 წ;
დახასიათებულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის ფეტვნაირი კულტურების კურატორის მიერ.
დამატებითი ინფორმაცია: სვანეთში დღესაც იხმარება ფეტვის ნაფქვავი ხორბლის ან სიმინდის ფქვილში შესარევად, ფეტვი ცომს სირბილესა და განსაკუთრებულ გემოს სძენს. ფეტვისაგან აცხობენ ფეტვჭვიშდარსა და ლუკვნეს.