ხითირა იგივე ხიტორა ყვითელი
საზოგადო სახელი: ღომი
სახეობის სახელწოდება: Setaria italica (L.) P. Beauv.
სახესხვაობის სახელწოდება: Setaria italica var. clavata Decapr. & Kasparian
ჯიშის სახელწოდება: ხითირა იგივე ხიტორა ყვითელი Setaria italica clavata ‘ Khitira’
წარმოშობა: ხალხური სელექციის ჯიშია, გავრცელებული იყო იმერეთში, ლეჩხუმსა და სამეგრელოში.
ჯიშის დახასიათება: ხიტორა ყვითელი საშუალოდ საგვიანო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდი საშუალოდ 140 დღეა. მცენარე საკმაოდ მაღალია, ღერო იზრდება 165-170სმ-მდე. თაველი მარტივი ფორმისაა, დაუტოტავი, საკმაოდ გრძელია - 35-37სმ, სუსტად გამოხატული თავგამსხვილებული ფორმით. ნაკვთულები თაველის ქვედა ნაწილში შედარებით მეჩხერია, ზევითკენ კი უფრო მჭიდროდ მჯდომნი, კენწეროსკენ თითქმის ერთდებიან და თაველი კარგავს დანაკვთულობას. შებუსვილია მოკლე მწვანე ჯაგრულათი. თაველი მოყვითალო ფერისაა, წონით 28გრამამდე. მარცვლის გამოსავლიანობა - 80-82%-ია, სიმწიფისას მარცვლის ცვენადობა არ ახასიათებს. გამოლეწვა ადვილი.
დღევანდელი მდგომარეობა:შესაძლებელია ინახებოდეს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში და გერმანიაში, გატერსლებენის გენბანკში (IPK).
წყაროები: ი. ლომოური, მარცვლეული კულტურები, ნაწილი II, თბილისი, 1950წ;
Н. И. Чхенкели, Культура Гоми В Грузии (Автореферат), Тбилиси, 1960г;
ი. მაისაია, მ. მოსულიშვილი, საქართველოს ფეტვნაირთა სარკვევი, თბილისი, 2003 წ.