პროექტის შესახებ
პროექტის შესახებ
XXI საუკუნის დასაწყისში მსოფლიო, სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, ბიომრავალფეროვნების შემცირების საფრთხის წინაშეც დადგა - ნადგურდება ბუნებრივი ეკოსისტემები,
იკარგება კულტურული თუ ველური მცენარეებისა და ცხოველების მრავალი სახეობა თუ ჯიში. ამ პროცესმა შეიძლება ბიოსფეროს კატასტროფული დესტაბილიზაცია და ადამიანის
საცხოვრებელი გარემო პირობების მკვეთრი გაუარესება გამოიწვიოს. ამიტომ ბიომრავალფეროვნების დაცვა მთელი ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კავკასია, ბიომრავალფეროვნების მხრივ, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ რეგიონადაა აღიარებული. WWF- ის 35 “პრიორიტეტული ადგილიდან”
ერთ-ერთი („შავი ზღვის დიდი აუზი“) მოიცავს კავკასიის რეგიონს; Conservation International- ის მიერ განსაზღვრული “ბიომრავალფეროვნების 34 ცხელი წერტილიდან”
(ტერიტორიები, რომლებიც გამოირჩევიან უმდიდრესი, მაგრამ სერიოზული საფრთხის წინაშე მყოფი ბიომრავალფეროვნებით) საქართველოს ტერიტორია ორი „ცხელი წერტილის“ -
კავკასიისა და ირან-ანატოლიის შემადგენლობაში შედის.
საქართველო ტრადიციულად აგრარული ქვეყანაა. არქეოლოგიური მასალებით მტკიცდება, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას ჯერ კიდევ ძვ. წ. VI–V ათასწლეულიდან
მისდევენ. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პირველად მცენარეთა და ცხოველთა მოშინაურება და, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის წარმოშობა წინა აზიის ტერიტორიაზე (ე.წ.
“ნაყოფიერი ნახევარმთვარის” ზონა), დაახლოებით 9-10 ათასი წლის წინ მომხდარა. ეს ტერიტორიები უშუალოდ ესაზღვრება საქართველოს და, ამავე დროს, ნაწილობრივ
ემთხვევა პრეისტორიულ ხანაში ქართველური ტომების განსახლების არეალს. უძველესი კულტურებისა (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები/ლენდრასები) და მათი
ველური მონათესავე სახეობების დღემდე არსებული დიდი მორფოლოგიური და გენეტიკური მრავალფეროვნება, ისევე როგორც შინაურ ცხოველთა ზოგიერთი უძველესი ჯიში,
საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ საქართველო თავად ყოფილა რიგი უმნიშვნელოვანესი კულტურული მცენარისა და შინაური ცხოველის წარმოშობის ერთ-ერთ კერა.
საქართველო მოიცავს 23 ნიადაგურ-კლიმატურ ზონას და ფლობს მცენარეთა უნიკალურ მრავალფეროვნებასა და სახეობრივ შემადგენლობას – ჩვენში თითქმის ყველა სახის
სასოფლო-სამეურნეო კულტურაა გავრცელებული: მარცვლოვნები და პარკოსნები, ხეხილი, ბოსტნეული კულტურები, ვაზი. მარტო მარცვლოვნებიდან საქართველოში 100-მდე ოჯახი და
350 ადგილობრივი სახეობაა აღრიცხული. ჩვენი ქვეყანა შედის კულტურულ მცენარეთა წარმოშობის წინააზიურ კერაში, რომელიც მიჩნეულია ისეთი კულტურების პირველადი
წარმოშობის რეგიონად, როგორიცაა: ქერი, ფეტვი, სელი, ცერცველა, ბარდა, იონჯა, სამყურა; საქართველო არის ხორბლისა და ვაზის წარმოშობის ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი -
ლიტერატურული წყაროებით საქართველოში ვაზის 500-მდე ადგილობრივი ჯიშია აღწერილი, ხოლო მსოფლიოში გავრცელებული ხორბლის 20 სახეობიდან ჩვენში მოჰყავდათ 14, მათ
შორის ხუთი საქართველოს ენდემია. ამავე დროს, საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარებამ განაპირობა ის, რომ ეს ტერიტორია გამოიყენებოდა როგორც ევროპისა და აზიის
დამაკავშირებელი სავაჭრო კორიდორი, რის გამოც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში შემოედინებოდა ახალი გენეტიკური მასალა, ხოლო ქვეყნის მრავალფეროვანი
კლიმატური პირობები და ნიადაგები კარგ წინაპირობას ქმნიდა ახალი კულტურების ადაპტირებისათვის. ასე გაჩნდა მრავალი შემოტანილი კულტურის ადგილობრივი ჯიში. მაგ.,
სიმინდი, ლობიო, სოია და სხვა ინტროდუცირებული სახეობები ფართოდ გავრცელდნენ საქართველოში და წარმოშვეს მრავალი ადგილობრივი ფორმა და ჯიში, რომლებიც
შესაძლებელია, უკვე ადგილობრივ აგრობიომრავალფეროვნებას მივაკუთვნოთ. მაგ., ლობიოს 50-მდე ქართული ჯიშია ცნობილია.
რაც შეეხება მეცხოველეობას, საქართველოში XX საუკუნის დასაწყისამდე ხალხური სელექციით მიღებული შინაური ცხოველების ადგილობრივი ჯიშები იყო გავრცელებული. მათგან
აღსანიშნავია ძროხის ქართული მთის და მეგრული წითელი ჯიში, კავკასიური კამეჩის ქართული ჯილაგი, თუშური და იმერული ცხვარი, მეგრული თხა, თუშური და მეგრული ცხენი,
ადგილობრივი ქათმის ხუთი პოპულაცია, ჯავახური ბატი, ქართული მთის რუხი ფუტკარი, ქართული ნაგაზი და სხვ. უძველესი დროიდან ცნობილია ღორის ადგილობრივი პოპულაციები
- კახური და სვანური ღორი, რომლებიც კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე გავრცელებული გარეული ღორის მოშინაურებით და ხალხური სელექციით შეიქმნა.
მიუხედავად იმისა, რომ ძველი ჯიშების ნაწილი ისეთი პროდუქტიული არაა, როგორც მათი თანამედროვე ანალოგები, ისინი მნიშვნელოვან მასალას წარმოადგენს
სელექციონერებისა და ფერმერებისათვის, ვინაიდან მათ ისეთი თვისებები მოეპოვებათ, როგორიცაა ნოყიერება, გამძლეობა და რეზისტენტობა მკაცრი კლიმატური პირობებისა და
დაავადებების მიმართ და სხვ. ეს თვისებები განსაკუთრებით სასარგებლოა ცვალებად ეკონომიკურ და კლიმატურ პირობებში და არსებით ფასეულობას წარმოადგენს მსოფლიო
სასურსათო უსაფრთხოებისათვის.
დღეისათვის მნიშვნელოვანი გენეტიკური რესურსები - საქართველოში უხსოვარი დროიდან გაკულტურებული მცენარეები და მათი ველური ნათესავები, სამკურნალო მცენარეები და
ცხოველთა ადგილობრივი ლენდრასები/ჯიშები გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან და მათი გადარჩენა კომპლექსური ღონისძიებების გატარებას საჭიროებს.
ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (NBSAP) ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს აგრარული
ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია სხვადასხვა სტრატეგიული მიდგომით – მათ შორის, მცენარეთა და ცხოველთა ლენდრასების, ველური მონათესავე სახეობების, მიკროფლორისა
და ტრადიციული ფერმენტირებული პროდუქტების მიკროფლორის ფორმირებაში მონაწილე მიკროორგანიზმებისა და სოკოების ინვენტარიზაცია, მათი მოწყვლადობის შეფასება და
საკვებისა და სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი გენეტიკური რესურსების “წითელი ნუსხის” შექმნა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (MOA) სთხოვა “ბიომრავალფეროვნების მდგარადი მართვის” (SMB) პროექტს (GIZ) დახმარება ენდემური ჯიშებისა კატალოგის შექმნაში, რაც
შექმნის მონაცემთა ბაზას, ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას და პროდუქტის გამოვლენისა და ბრენდირების საქმეს. კატალოგის კონცეფცია შეიმუშავა ასოციაცია
„ელკანამ", SMB, MoA და აგრარულ უნივერსიტეტთან მსჯელობებისა და განხილვების საფუძველზე.
პროექტი - „საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების შესახებ ელექტრონული კატალოგის მომზადება", განახორციელა ასოციაცია „ელკანამ", გერმანიის საერთაშორისო
თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) პროგრამის - “ბიომრავალფეროვნების მართვა სამხრეთ კავკასიაში”, ფარგლებში.
პროექტის მიზანი იყო აგრარული ბიომრავალფეროვნების შესახებ არსებული ცოდნის კონსოლიდაცია, დარგის სპეციალისტების/ექსპერტების მოსაზრებების შეჯერება და
საზოგადოების ფართო ჩართულობით ელექტორნული კატალოგის მომზადება (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
კატალოგში გაერთიანებულია კულტურული მცენარეებისა და შინაური ცხოველების აბორიგენული და ასევე ადგილობრივი სელექციური ჯიშები:
მინდვრისა და ბოსტნეული კულტურები - 317 ჯიში,
ვაზი – 251 ჯიში,
ხეხილი და კენკროვანი კულტურები – 217 ჯიში,
სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველები – 39 ჯიში.
კატალოგი საფუძველს შეუქმნის საკვებისა და სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი გენეტიკური რესურსების ინვენტარიზაციას, ამ ჯიშების გამოყენების შესახებ
კანონმდებლობის შექმნას და გენეტიკურ რესურსებთან ხელმისაწვდომობისა და მათი გამოყენებიით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილების (ABS) შესახებ
ბიომრავალფეროვნების კონვეციის ნაგოიას ოქმის რატიფიკაციასა და განხორციელებას.
ადგილობრივი ჯიშების კატალოგს ასევე შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის „სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტების
გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ“ 2011 წლის 14 ივლისს ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმების დანერგვის საქმეში, ადგილობრივი ტრადიციული პროდუქტების
გამოვლენისა და ბრენდირების კუთხით. გეოგრაფიული აღნიშვნა (GI) არის სახელი ან სხვა რაიმე სიმბოლო, რომელიც მიუთითებს პროდუქტის წარმოშობაზე კონკრეტული
გეოგრაფიული ადგილიდან (ქვეყანა, რეგიონი, დასახლება), რაც განაპირობებს ამ პროდუქტის სპეციფიკურ ხარისხს, რეპუტაციას ან სხვა მახასიათებლებს. აღნიშნული
შეთანხმება პირველი ამგვარი შეთანხმებაა ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის და, მისი მიზანია გეოგრაფიული აღნიშვნების ორმხრივი დაცვა, მაღალხარისხიანი
სურსათის საწარმოო ჯაჭვის განვითარებისა და მდგრადი სასოფლო განვითარების ხელშეწყობის მიზნით.