ჩელტა ზანდური ხორბალი
სახეობის სახელწოდება: Triticum timopheevii (Zhuk.) Zhuk.
ქვესახეობა : Triticum timopheevii (Zhuk.) Zhuk. subsp. timopheevii
სახეობის სახელწოდება: ჩელტა ზანდური
გავრცელება: ჩელტა ზანდური ვიწრო ლოკალიზებული საქართველოს ენდემური სახეობაა. გავრცელების არეალი იყო რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოსა და იმერეთში, ზღვის დონიდან 400-800მ სიმაღლეზე. აგროკულტურაში შემორჩა XX საუკუნის ორმოცდაათიან წლებამდე.
სახეობის დახასიათება: ჩელტა ზანდური საგაზაფხულოა, თუმცა შემოდგომაზეც ითესებოდა. საკმაოდ საგვიანოა. კოლეოპტილე ორნერვიანია, ანტოციანური შეფერილობის. ბუჩქი ნახევრად გართხმული, მუქი მწვანე. ფოთლის ფირფიტა და ღარი შებუსულია ქეჩისებრი ბეწვებით, სიგრძით 1,5 2მმ. კავები ანტოციანური, გრძელი წამწამებით. მცენარე 140 სმ სიმაღლისაა. ღერო ღრუა. თხელკედლიანი, არ წვება. ახასიათებს კარგი შეფოთვლა. მუხლები გამობურცულია, დაფარულია ვერცხლისფერი ბეწვებით. თავთავი ფხიანი, სიგრძით 4-7სმ, მკვრივი (d=35-57), მტვრევადი, შებუსული. ფხები 6-9 სმ სიგრძის, არ არის უხეში, დაფარულია კბილაკებით. თავთავის ღერაკის ნაწევრები მოკლეა (1-2 მმ). შებუსული. თავთუნის კილი წაგრძელებულია, მაგრამ მოკლეა ყვავილის კილზე. ფორმით ფრთისებურია კარგად გამოხატული ქედით. ქედი ჩვეულებრივ ბოლოვდება არცთუ გრძელი კბილით. მარცვალი წითელი, წაგრძელებული (8 მმ სიგრძის), რქისებური. სოკოვანი დაავადებების მიმართ საკმაოდ გამძლეა. ამ სახეობის ორი ბუნებრივი სახესხვაობაა აღწერილი.
დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად საქართველოში ეს სახეობა დაცულია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის გენბანკში.
წყაროები: ნ. ბრეგაძე საქართველო მიწათმოქმედების დამოუკიდებელი კერა თბილისი 2004
В. Л. Менабде Пшеницы Грузии - Тбилиси 1948
В. Ф. Дорофеев. Культурная Флора СССР Т- I Пшеница. Колос 1979
The International Plant names Index http://www.ipni.org/
Wheat Genetic and Genomic Resources Center TRITICUM CLASSIFICATION SYSTEMS http://www.k-state.edu./wgrc/Taxonomy/taxtrit.html
დამატებითი ინფორმაცია: ეს სახეობა საკმაოდ პოპულარობით ხასიათდებოდა. მისგან დამზადებული პროდუქტები დიდად ფასობდა ადგილობრივ მოსახლეობაში.