დოლის პური 35–4 ხორბალი
სახესხვაობის სახელწოდება: Triticum aestivum L. var. aestivum
ჯიშის სახელწოდება: დოლის პური 35–4 - Triticum aestivum ‘Dolis Puri 35-4’
წარმოშობა /გავრცელება/დარაიონების წელი/რეგიონი: გამოყვანილია საქართველოს სასელექციო სადგურის მიერ მრავალჯერადი მასიური გამორჩევის გზით გორის რაიონის, სოფელ ხელთუბნის ადგილობრივი თეთრი დოლის პოპულაციიდან. საქართველოში პირველი სელექციური ჯიშია, რომელიც დარეგისტრირებულია 1939 წლიდან.
მოკლე აღწერა: განვითარების ტიპის მიხედვით ჯიში საშემოდგომოა, გამძლეა ზამთრის მკაცრი პირობებისადმი და გვალვასაც შედარებით ადვილად იტანს. ჯიში ხასიათდება მაღალი დაბუჩქების უნარით. მცენარის ღერო წვრილი და საშუალო სიმაღლისაა, რომელიც მერყეობს 70–დან 120 სანტიმეტრის ფარგლებში. ნოყიერ ნიადაგებზე უხვ ნალექიან წლებში განიცდის ყანის ჩაწოლვას. ახასიათებს თეთრი, შეუბუსავი, ფხიანი, თითისტარისებრი თავთავი, წვრილი, საშუალო სიგრძით 5–8 სმ. ჯიშის დამახასიათებელ მორფოლოგიურ თავისებურებას წარმოადგენს თავთუნის კილებზე ფხისმაგვარი წამონაზარდები, რომლებიც სიგრძეში არ ჩამოუვარდებიან ძირითად ფხებს. მარცვლი მოწითალო, რქისებრი კონსისტენციის, არ ახასიათებს ცვენადობა, პირიქით, მარცვალი კილებში იმდენად მჭიდროდ არის მოთავსებული, რომ გაძნელებულია მისი გამოლეწვა. 1000 მარცვლის მასა 30–35 გრამს შეადგენს. ავადდება ყვითელი ჟანგათი, აგრეთვე მაგარი და მტვრიანა გუდაფშუტით. ურწყავ პირობებში იძლევა 2,0 ტონა მარცვლის მოსავალს, სარწყავში 2,8–3,0 ტონას ჰექტარზე.
დღევანდელი მდგომარეობა: თესლი ინახება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების საცავში.
წყარო: ბ. ჯანელიძე, ვ. გორგოშიძე – საშემოდგომო ხორბლის დარაიონებული ჯიშები საქართველოსათვის, თბილისი 1960 წ. გვ. 49; საქართველოს მთიანეთის სოციალურ–ეკონიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები – საქ, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, 2010 წ. გვ. 305
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში მოიცავს ფერტილობის აღმდგენ გენს, რაც მნისვნელოვანია ჰიბრიდული ხორბლის წარმოებისათვის.