გურული ადგილობრივი სოია
სახეობის სახელწოდება: Glycine max (L.) Merr.
ჯიშის სახელწოდება: გურული ადგილობრივი Glycine max 'Guruli Adgilobrivi'
წარმოშობა: ხალხური სელექციით მიღებული და გაუმჯობესებული ჯიშია. დარაიონებულია 1939 წლიდან დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპირო სუბტროპიკული ჭარბტენიანი ზონის მეურნეობებში. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან 200-250მ სიმაღლეზე.
ჯიშის დახასიათება: გურული ადგილობრივი საგვიანო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდი 130-170 დღე გრძელდება. მიეკუთვნება კორეული ქვესახეობის მსხვილფოთლოვანთა სახესხვაობას, სააპრობაციო ჯგუფს - flavida Enk. ბუჩქი სწორმდგომია, მსხვილღეროიანი, ხშირი თეთრი შებუსვით, სიმაღლით 60-120სმ. ფოთოლი რომბისმაგვარია, ფართო და მსხვილი, ყვავილიც მსხვილია, იისფერი. პარკები ყავისფერია ან მუქი ყავისფერი. მარცვალი მომრგვალოა, ყვითელი, ოდნავ მომწვანო ანარეკლით. ჭიპი ჩალისფერია ან იშვიათად მოყვითალო. მარცვალი მსხვილია, მაღალი სასაქონლო ღირსების. 1000 მარცვლის მასაა 220-300 გ. 1ჰა-ზე იძლევა 2,4-3,2ტ მარცვალს. პარკები მომწიფებისას სკდება და მარცვალი ცვივა. თესლში ცხიმის საშუალო შემცველობა 19,10%, ცილა 40%-მდე.
დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში, ასევე შესაძლებელია დაცული იყოს რუსეთის ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR), ასევე სვოლბორდის თესლის საცავში (SGSV).
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში სამარცვლე მიმართულებისაა, შეგუებულია ჭარბტენიან პირობებს, სუსტად იტანს გვალვას. ეს ჯიში 1930 წელს გამოავლინა საქართველოს თესლის საკონტროლო ცენტრალურმა სადგურმა ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონებში, ამიტომ მას სასელექციო სადგურთან შეთანხმებით ეწოდა გურული ადგილობრივი.
აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში თესლს ხშირად მკვეთრი პიგმენტაცია ახასიათებს, მაგრამ ეს გამოწვეულია ნიადაგისა და ჰაერის სიმშრალით და ჯიშის დამახასიათებელ ნიშნად არ ჩაითვლება.
წყაროები: სერგო თედორაძე, სოია, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963 წ.;
მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომები ტ.XIII თბილისი 1966 წ.;
აკაკი აფხაზავა, სოიის კულტურა საქართველოში, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1982 წ.;
გ. ბადრიშვილი, მემცენარეობა, თბილისი, 1981წ.