ლაგოდეხის გრძელთავთავა ხორბალი
სახეობის სახელწოდება :Triticum aestivum L.
სახესხვაობის სახელწოდება :Triticum aestivum var. lutescens Alef.
ჯიშის სახელწოდება: ლაგოდეხის გრძელთავთავა :Triticum aestivum ‘Lagodekhis Grdzeltavtava’
წარმოშობა /გავრცელება/დარაიონების წელი/რეგიონი : კახეთის აბორიგენული ჯიშია, რომლის ძირითადი გავრცელების არეალი იყო ალაზნის ველის მარცხენა სანაპირო.
მოკლე აღწერა : საგაზაფხულო ფორმაა, მაგრამ ითესება შემოდგომით. ვეგეტაციის მიხედვით საგვიანო ჯიშებს მიეკუთვნება. მცენარე მაღალმოზარდია (130-150 სმ), კარგად შეფოთლილი. ფოთლები ფართო და გრძელი. ღერო მტკიცე, შედარებით გამძლეა ჩაწოლისადმი. თავთავი უფხო, თეთრი, შეუბუსავი. გრძელი 12–14 სმ, თავთავს ზედა ნაწილში ხშირად უვითარდება 2–3 სმ სიგრძის ფხისმაგვარი დანართი. თავთუნის კილი ფართე ლანცეტური. თავთუნის კილის კბილაკი ბლაგვია და ძალიან მოკლე. მარცვალი წითელი, მსხვილი მომრგვალო–ოვალური ფორმის, სქელი გარსით, ფქვილისებრი კონსისტენციის. 1000 მარცვლის მასა 50 გრამია. პურცხობის უნარიანობა საშუალოა, პური თეთრი გამოდის. მცენარე გამძლეა მურა და ყვითელი ჟანგასადმი, ძალიან ავადდება მაგარი გუდაფშუტით.
დღევანდელი მდგომარეობა : თესლი ინახება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების საცავში.
წყარო : ბ. ჯანელიძე, ვ. გორგოშიძე – საშემოდგომო ხორბლის დარაიონებული ჯიშები საქართველოსათვის, თბილისი 1960 წ. გვ. 59; ბ. გაბუნია, ნ. ჩხენკელი, ა. ჯაფარიძე – მემცენარეობა, თბილისი 1969 წ. გვ. 27; პ. ნასყიდაშვილი, მ. სიხარულიძე, ე. ჩერნიში – ხორბლის სელექცია საქართველოში, თბილისი 1983 წ. გვ. 63; საქართველოს მთიანეთის სოციალურ–ეკონიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები – საქ, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, 2010 წ. გვ. 310
დამატებითი ინფორმაცია : ჯიშს ახასიათებს კარგი კომბინაციური უნარიანობა, გამოიყენება ჰიბრიდული ნეკროზის გამაპირობებელი გენების განსაზღვრისათვის ტესტერად.