ქართული 6 ლობიო
საზოგადო სახელი: ლობიო
სახეობის სახელწოდება: Phaseolus vulgaris L.
ჯიშის სახელწოდება: ქართული 6 Phaseolus vulgaris ‘ Kartuli 6’
წარმოშობა: გამოყვანილია საქართველოს სასელექციო-საცდელ სადგურში, 7000 რენტგენით დასხივებულ „ცანავას 3-ის“ მუტანტების ურთიერთშეჯვარებით და მათგან მიღებულ ჰიბრიდულ პოპულაციაში მაღალპროდუქტიული მცენარეების შერჩევით. ავტორი - ს. თედორაძე. ჯიში საკონკურსო გამოცდაზეა საქართველოს სასელექციო-საცდელი სადგურში 1965 წლიდან.
ჯიშის დახასიათება:საადრეო ჯიშია. მასობრივი აღმოცენებიდან სიმწიფემდე 70-85 დღეა. ბუჩქის ფორმა კუტია, ეკუთვნის ქვემო ქართლის ეკოტიპს. აღმონაცენი მწვანე ან მუქი მწვანეა, მცენარის სიმაღლეა 35-55 სმ. დატოტვა საშუალოა, მუხლთაშორისების საერთო რიცხვია 9-12, ღეროს დაბოლოებაზე ვითარდება 10-20 სმ სიგრძის წანაზარდები, რომლებიც განვითარების ფაზებში არ ეხვევა. ფოთოლი კვერცხისებრ-ოვალურია, ყვავილები შეკრებილია 2-3 ყვავილიან მტევნად. ყვავილი მკრთალი იისფერია, პარკი ოდნავ მოხრილი ბრტყელია, ოდნავ დანაოჭებული, 8-10 სმ სიგრძისა და 15-18 მმ სიგანის. პარკის კუდი გრძელია, დაუმწიფებელი პარკი მწვანეა, მოვარდისფრო-მეწამული ფერის ლაქებით. პარკში 3-6 თესლია, პერგამენტის შრე უვითარდება გვიან, მწვანე პარკი უძაფოა, რაც ამ ჯიშს საპარკე მიმართულებას აძლევს. თესლი ძირითადად კრემისფერია, მეწამული ფერის ლაქებით და წერტილებით, ზოგჯერ გვხვდება ისეთი თესლიც, რომლის ძირითადი ფერი წითელია და აქვს კრემისფერი ლაქები და წერტილები. ელიფსური ფორმისაა, ღვინისფერ-წითელი შეფერილობით. უნივერსალური ჯიშია, გამოიყენება, როგორც საპარკედ, ასევე სამარცვლედ.
დღევანდელი მდგომარეობა: ამჟამად ეს ჯიში შესაძლებელია დაცული იყოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ან სხვა უცხოურ გენბანკებში.
წყაროები: ს. თედორაძე, მცენარეთა რადიაციული სელექცია „საბჭოთა საქართველო“, თბილისი 1968, გვ. 30.
დამატებითი ინფორმაცია: დაავადებებისადმი გამძლეა, გამოირჩევა პარკისა და მარცვლის მაღალი მოსავლით. მწვანე პარკის მოსავლიანობა - 17 ტ/ჰა, ხოლო მარცვლის - 1,8 ტ/ჰა.