იმერული კომპაქტური სოია
სახეობის სახელწოდება: Glycine max (L.) Merr.
ჯიშის სახელწოდება: იმერული კომპაქტური Glycine max 'Imeruli Kompacturi'
წარმოშობა: გამოყვანილია აბაშის სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშთა გამოცდის ნაკვეთზე, სოიის ადგილობრივი მასალიდან მასობრივი გამორჩევის მეთოდით. დარაიონებულია 1963 წლიდან სუბტროპიკული ტენიანი ზონისათვის, ითესებოდა სენაკის, აბაშის, ოზურგეთის და სამტრედიის რაიონებში (ზღვისპირა ნაწილის გარდა).
ჯიშის დახასიათება: მიეკუთვნება საგვიანო ჯიშს, მაგრამ ადგილობრივ იმერულთან შედარებით10-15 დღით ადრე შემოდის და სრულ სიმწიფემდე 125-150 დღე სჭირდება. მიეკუთვნება ჩინური ქვესახეობის, ტენმოყვარული სოიას ტიპს, სააპრობაციო ჯგუფს - serotina Enk. ბუჩქი სწორმდგომია, კუტი ფორმის, კომპაქტური ღერო-ტოტებით, რითაც განსხვავდება ადგილობრივი იმერულისაგან. არ ახასიათებს ჩაწოლა, მომწიფებისას პარკები არ სკდება. ფოთოლი საშუალო, ოვალური ფორმის, ბუსუსიანი. ყვავილედი თეთრი ფერისაა. პარკი ოდნავ მოხრილია, მიმაგრების სიმაღლე ნიადაგიდან 15-16 სმ-ია. მარცვალი ოვალურია, ჩალისებრ-ყვითელი, ჭიპი შავი ფერისაა, 1ჰა წმინდა ნათესიდან მიიღება 4 ტ მარცვალი, სიმინდთან შეთესილიდან კი 1,5ტ. მარცვალში ცილების შემცველობა 36,8-44,3%-ია, ხოლო ცხიმებისა - 21%-ს აღწევს.
დღევანდელი მდგომარეობა: შესაძლებელია დაცული იყოს რუსეთის ვავილოვის სახელობის მემცენარეობის ს/კ ინსტიტუტში (VIR) და სვოლბორდის თესლის საცავში (SGSV)
დამატებითი ინფორმაცია: ადვილად ექვემდებარება მექანიზებულ სამუშაოებს სიმინდში შეთესვის პირობებშიც.
წყაროები: მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომები, ტ. XIII, თბილისი, 1966 წ;
გ. ბადრიშვილი, მემცენარეობა, თბილისი, 1981 წ.