საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ხროგი


ჯიშის სახელწოდება: ხროგი სინონიმი: ხროტი წარმოშობა:  რაჭა
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: შებუსულია, ზრდის კონუსსა და პირველ ფოთოლს ნაპირებზე ემჩნევა ვარდისფერი ლაქები. მესამე და მეოთხე ფოთლები ოქროსფერ-ნარინჯისფერია. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, კვერცხის ფორმის, სამნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული, ზოგჯერ თითქმის მთლიანი. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი დახურულია, იშვიათად ღია, ჩანგისებური, მახვილი ფუძით. კბილები სამკუთხედისებრია, მცირედ ამოზნექილი გვერდებით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ქეჩისებური შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: პატარა ზომისაა, ცილინდრული ან კონუსური, კუმსი. საშუალო წონა - 90 გ. მარცვალი: მუქი ვარდისფერი, საშუალო სიდიდის, მომრგვალო. კანი თხელი და მკვრივი.  რბილობი ხორციანი-წვნიანი, ჩვეულებრივი გემოთი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა  16 %, მჟავიანობა 6,2 გ/ლ. მოსავლიანობა: 1,35 კგ/ძირზე. პროდუქციის ტიპი:  საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინოა.
დამატებითი ინფორმაცია: ხროგს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის დასაწყისში. საშუალო გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1939, გვ. 51-54; ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 248; Миротадзе А. В.,  Хроги. В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, Том III,1966,  ст. 356. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე