თავკვერი საფერავისებური
ჯიშის სახელწოდება: თავკვერი საფერავისებური
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: კახეთი

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი გვირგვინით და ჯერ კიდევ გაუშლელი პირველი ორი ფოთოლაკით შებუსულია თხელი ბეწვით აბლაბუდისებურად, ფერი მორუხო-თეთრი. მეორე იარუსის ფოთლები ზედა მხრიდან შეუბუსავია, ხოლო ფერი მომწვანო-ყვითელი,ქვედა მხარე შებუსულია,ფერი მორუხო-მწვანე.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის (16,5X17,5სმ), ფორმა მომრგვალო ოდნავ განიერ ოვალური, უმეტესად ხუთნაკვთიანი. ფოთლის ზედაპირი გლუვია. ზედა ამონაკვეთი ზეზეურია, იშვიათად საშუალო სიღრმისაც. ამონაკვეთის ფორმა უმეტესად ლანცეტისმაგვარი ან შეჭრილი კუთხიმაგვარია, იშვიათად ვიწროყელიანი ჩანგისმაგვარი ფორმის. ყუნწის ამონაკვეთის ფორმა ძირითადად მრგვალფუძიანი ჩანგისმაგვარი ან თაღისმაგვარია. ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება მახვილწვეროიანი გამოზნექილგვერდებიანი სამკუთხედის ან გუმბათის ფორმის კბილებით, გვერდითი კბილები სამკუთხედისმაგვარია. ფითლის ქვედა მხარე თითქმის შიშველია, იგი ძლიერ თხელი აბლაბუდისმაგვარი ბეწვითა ოდნავაა დაფარული.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალოზე დიდია, ზომით 25X8სმ. ძირითადი ფორმა ვიწრო კონუსური და ცილინდრულ-კონუსურია. ხშირად დატოტვილია. თხელი აღნაგობისაა. საშუალო წონა 150-200გ. მარცვლების რაოდენობა - 60-200.
მარცვალი: საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა, ზომით 1,7X1,5სმ. ძირითადად ოვალური ფორმისაა. ფერი მუქი იისფერი. კანი უხეში.კანი რბილობს ადვილად არ სცილდება. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, წვენი ღია ვარდისფერია, მარცვლის გემო სასიამოვნო, ჰარმონიულია, სუსტადაა გამოსახული ჯიშური არომატი, წიპწების რაოდენობა მარცვალში 1-4 ცალი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16-21%, მჟავიანობა 5,6-12 გ/ლ.
მოსავლიანობა: 5,5-6,5 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: საშუალოდ 1,0.
სამეურნეო მიმართულება: სასუფრე - საღვინე.
სასუფრე ყურძნის დახასიათება: იძლევა კარგი ხარისხის ადგილობრივი მოხმარების სადესერტო ყურძენს.
ღვინის დახასიათება: საშუალო ღირებულების სუფრის წითელ ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: ახასიათებს შედარებით კარგი გამძლეობა სოკოვანი დაავადებების მიმართ, მისი გამძლეობა ჭრაქისა და ნაცრის მიმართ შეფასებულია საშუალოდ, გამძლეა მარცვლის სიდამპლის მიმართ.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 363-370;
Табидзе Д. И., Тавквери саперависебури, В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные сорта винограда, Том 3, Отв. Ред. Негруль А. М., Издательство “Пишепромиздат” Москва,1966, Стр.190-193.
ავტორი: შენგელი კიკილაშვილი