საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

სიმონასეული


ჯიშის სახელწოდება: სიმონასეულიsimonaseuli სინონიმი: უცნობია წარმოშობა:  კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი გვირგვინით და გაუშლელი ორი ფოთოლაკით შებუსულია აბლაბუდისებურად. ფერი მორუხო-თეთრია, მეორე იარუსის ფოთლები ზედა მხრიდან კარგავს შებუსულობას, აქვთ მოყვითალო ფერი. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა (17-16,5სმ). უმეტესად მომრგვალო ფორმის. ხშირად ხუთნაკვთიანი. ზედაპირი უმეტესად გლუვია. მთავარი ძარღვი სუსტად შებუსული. ყუნწის ამონაკვეთის ფორმა ღიაა, მახვილფუძიანი, ჩანგისმაგვარი. ზედა ამონაკვეთი საშუალო სიღრმისაა, ამონაკვეთის ფორმა უმეტესად მომრგვალოფუძიანი ან შევიწროვებულყელიანი ჩანგისმაგვარი ფორმის, იშვიათად განიერ ელიფსურთვლიანი. ძირითადი კბილების ფორმა მახვილწვერიანი სამკუთხედისმსგავსი ფორმისაა. გვერდითა კბილები ცალგვერდგამოწეული ფორმისაა. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია აბლაბუდისმაგვარი ბეწვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ან საშუალოზე დიდია, სიგრძე 14-23სმ, სიგანე 5-10სმ. ძირითადად კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის. მხრიანი. მტევნის წონა 120-150გ ფარგლებში. მარცვლების რაოდენობა 100-120 ცალი საშუალოდ. მარცვალი: მუქი იისფერი, საშუალო ზომის, სიგრძე 1,2-1,5სმ, სიგანე 1,3-1,5 სმ. მომრგვალო ფორმის. მარცვალი მკვრივია და წვნიანი. კანი უხეშია, გემო უბრალო და სასიამოვნო, ჯიშური არომატი სუსტადა გამოსახული, მარცვალი მჭიდროდაა მიმაგრებული ყუნწზე. წიპწების რაოდენობა მარცვალში 1-4 ცალი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18-22%, მჟავიანობა 7-11 გ/ლ. მოსავლიანობა: 5,0-6,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: საშუალოდ 1,0. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: იძლევა მაღალი ხარისხის სუფრის წითელ ღვინოს, რომელსაც აქვს  ინტენსიური შეფერვა, საშუალო სხეული, ჰარმონიული გემო და ჯიშური არომატი.
დამატებითი ინფორმაცია: დ. ტაბიძის (1954) მიხედვით, კახურ წითელყურძნიან ჯიშებს შორის სიმონასეულის ღვინოს საფერავის შემდეგ ხარისხით პირველი ადგილი უკავია. ის საშუალოზე უკეთ უძლებს ჭრაქს და ნაცარს, ასევე ზამთრის ყინვას. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები,  გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 166-175. ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, თბილისი, 1987, გვ. 252. Табидзе Д. И., Симонасеули. В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные сорта винограда, Том 3, Отв. Ред. Негруль А. М., Издательство  “Пишепромиздат” Москва, 1966,Стр. 139-142. ავტორი: შენგელი კიკილაშვილი