ჯანი
ჯიშის სახელწოდება: ჯანი
სინონიმი: მარის ყურძენი, ჯანის ყურძენი
წარმოშობა: გურია
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი ქეჩისებურად შებუსული თეთრი ფერის ბუსუსით, კიდეებზე მოწითალო ელფერით.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ან საშუალოზე დიდია, მომრგვალო ან ოდნავ განივ-ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, მახვილი ან წამახვილებული ფუძით, ზოგჯერ თაღისებურია ბრტყელი ფუძით. მთავარი კბილები მომრგვალო-სამკუთხედისებური ან სამკუთხედისებურია ამოზნექილი გვერდებით და მახვილი წვერით, იშვიათად - მომრგვალო-ხერხკბილისებურია. მეორადი კბილები მთავარი კბილების მსგავსია ან გარდამავალი გუმბათისებურში. ფირფიტა ქვედა მხრიდან მცირედ არის შებუსული ბეწვისებურ-ჯაგრისებური ბუსუსით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალოზე მცირე ან მცირე ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ახასიათებს ფრთა, რომლის სიგრძე ხშირად მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს. თხელი ან საშუალო სიკუმსის, საშუალო მასა შეადგენს 70,0 გრამს.
მარცვალი: საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, ოვალური, მუქი ლურჯი-შავ ფერში გარდამავალი, უხვად დაფენილი ცვილით. სქელკანიანი. რბილობი მკვრივხორციანი და ნაკლებწვნიანია, მეტად სასიამოვნო გემოთი, უმეტესად ერთწიპწიანი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20,9-23,4 %, მჟავიანობა 6,0-9,1 გ/ლ.
მოსავლიანობა: 3,0-4,0 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ჯანის ღვინო ხასიათდება დიდი სხეულით, ალკოჰოლისა (11,5-12,1 %) და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, ჰარმონიულობით და მაღალი გემური თვისებებით. დაძველებისას ივითარებს სასიამოვნო გემოს და მდიდარ ბუკეტს. მაღალი ხარისხისაა.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა, განსაკუთრებით ზიანდება ჭრაქით.
დღევანდელი მდგომარეობა: მცირედ გავრცელებული ჯიში.
წყაროები:
კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960.
რამიშვლი მ., ამპელოგრაფია, გამომცემლობა „განათლება“, 1986, გვ. 518-520.
Рамишвили М. А., Джани. В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М., Изд-во Пищепромиздат, Москва, Том I,1963,Ст. 441-444.
ავტორი: ირმა მდინარაძე