საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

შავკაპიტო


ჯიშის სახელწოდება: შავკაპიტოshavkapito სინონიმი: შავი კაპიტო, შავკაპიტა წარმოშობა: ქართლი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მეტად ინტენსიურადაა შებუსული თეთრი ბეწვისებური ბუსუსებით, რომელიც ზედა მხრიდან ღია წითელი ან მოვარდისფროა. პირველი ახლად გაშლილი ფოთოლი ორივე მხრიდა დაფარულია თეთრი ქეჩისებური ბუსუსებით და ზედა მხრიდან ზოლივით გასდევს მოვარდისფრო ელფერი. ამგვარი შეფერვა შემდეგ მომდევნო ფოთლებსაც ახასიათებს. ფოთლის ნაპირები და განსაკუთრებით კბილების წვერის ნაწილები წითლადაა შეფერილი. ზრდასრული ფოთოლი: ხუთნაკვთიანი, ღრმად დანაკვთული. მომრგვალო მოყვანილობის. საშუალო სიდიდის ან საშუალოზე მცირე. ახასიათებს მკვეთრად გამოსახული მუქი მწვანე შეფერვა. ზედა ამონაკვეთი უფრო ხშირად ღიაა, ჩანგისებრი, პარალელური გვერდებითა და მახვილი ფუძით. ქვედა ამონაკვეთი მცირედ ჩაჭრილია ან საკმაოდ შეჭრილ კუთხეს ქმნის. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, უფრო ხშირად თაღისებური. კბილები უფრო ხშირად განიერ სამკუთხისებრი, რომელთაც ზოგჯერ ამოზნექილი გვერდები და მომრგვალო ან მახვილი წვერი აქვთ. ფოთლის ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებულია, შიშველია ან უმნიშვნელოდ დაფარულია მეტად თხელი ბეწვისებრი ბუსუსით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. ყუნწი შიშველია და მოწითალო, ზოგჯერ მოვარდისფრო ან მოიისფრო ელფერით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: ცილინდრულ-კონუსური ან კონუსური. ზოგჯერ აქვს ფრთა, რომლის სიგრძე თითქმის მტევნის სიგრძის ნახევარს უდრის. საშუალო სიდიდის ან ზოგჯერ საშუალოზე მცირე (სიგრძე 13-16სმ, სიგანე 8,5-12,5სმ) ზომის, წონა საშუალოდ 120 გ. საკმაოდ კუმსი. ყუნწის სიგრძე 4,5–6,0 სმ, ღია მწვანე, მაგრამ ყურძნის სრული მწიფობის პერიოდში იგი ხევდება მიმაგრების ადგილას მეტად მცირე მანძილზე. მარცვალი: შავი ფერის, საშუალო ან საშუალოზე მცირე (სიგრძე 11-14მმ, სიგანე 9-12მმ). ოვალური, შუა წელში უფრო განიერია, ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიული, რომელიც საჯდომ ბალიშზე მტკიცედაა მიმაგრებული. მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშით 5–7 მმ აღწევს. კანი საკმაოდ მაგარია. რბილობი ჩვეულებრივ ტკბილია, საკმაოდ ხორციანი და წვნიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16-20%, მჟავიანობა 8,3-10,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 12,0– 3,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 0,98. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: კარგი ხარისხის სუფრის წითელი ღვინო, რომელიც გამოირჩევა ლამაზი შეფერილობით, სასიამოვნო ჯიშური არომატით, ალკოჰოლისა და მჟავის ნორმალური შემცველობით - ანუ ყველა იმ თვისებით, რაც დამახასიათებელია სუფრის და ცქრიალა ღვინოებისათვის. ქვევრის ღვინო მცენარეული და კენკრის (მაგალითად, მწიფე შინდის) ტონებით ხასიათდება. ყურძენს სხვა ჯიშებთან ერთადაც აკუპაჟებენ.
დამატებითი ინფორმაცია: საშუალო ზრდის სიძლიერის. ჭრაქისა და ნაცრის მიმართ ახასიათებს საშუალო ხარისხის გამძლეობა, რასაც ვერ ავლენს ფილოქსერის მიმართ. დღევანდელი მდგომარეობა: ლოკალურად, მცირედ გავრცელებული ჯიში. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 312-316; ბიბილაშვილი პ., ჯიში შავკაპიტო სამხრეთ ოსეთში, მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის შრომები, ტ. 9, თბილისი, 1956; ხარბედია მ., ქართული ღვინის გზამკვლევი, გამომცემელი „იბერიელი“, თბილისი, 2013, გვ. 309; Лоладзе В.Р., 1970. Шавкапито, В Ампелография СССР, Малораспространенные сорта, Том 3, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, стр. 495-497; Robinson J., Harding J., Vouillamoz J. 2012. Wine Grapes. New York. HarperCollins Publisher. Pp.992. ავტორი: დავით მაღრაძე