ჭვიტილური
ჯიშის სახელწოდება: ჭვიტილური
სინონიმი: ჭვიტილოური, ჭყვიტილური.
წარმოშობა: სამეგრელო

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ღია მწვანე, მოწითალო-ღვინისფერი ზოლებით, განსაკუთრებით წვერისაკენ. საკმაოდ დაფარულია მოთეთრო-ნაცრისფერი ბეწვისებრი ბუსუსით. შებუსვა უფრო ძლიერდება ყლორტის წვერისაკენ.
ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანია. მცირედ დანაკვთული. საშუალო სიდიდის (17,0X16,8სმ). ფორმით მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია. ყუნწის ამონაკვეთი უფრო ხშირად ისრისმაგვარია, მომრგვალო ფუძით და თანასწორგვერდებიანი. ზედა და ქვედა ამონაკვეთი ზედაპირულია. კბილები სამკუთხედისებრია, ოღონდ ამოზნექილი გვერდებით და ოდნავ წამახვილებული წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე დაფარულია ქეჩისებური ბუსუსებით. ზედა მხარე უფრო ხშირად დანაოჭებული. ფირფიტა ღია მწვანე ფერისაა.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომისაა (სიგრძე 8–14სმ, სიგანე 5–7სმ). ცილინდრული, იშვიათად ცილინდრულ-კონუსისებრი ფორმის. საკმაოდ კუმსი. ყუნწის სიგრძე 4-7სმ, ბალახმაგვარი და ღია მწვანე.
მარცვალი: მოყვითალო - ქარვისფერი. საშუალო ზომის
(სიგრძე 12-15მმ, სიგანე 12,1-15,2მმ). მომრგვალო, შუა წელში უფრო განიერი, ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიული. კანი საკმაოდ სქელია, რბილობს ძნელად სცილდება, მცირედ დაფარული ნაფიფქით. რბილობი წვნიანი და ხორციანი, აქვს სასიამოვნო და ტკბილი გემო.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20,0–21,8%, მჟავიანობა 8,1–8,9 გ/ლ .
მოსავლიანობა: 7,0–7,5 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 2,0-2,3.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ხარისხოვანი სუფრის ღვინოა: ჰარმონიული, სასიამოვნო გემოსი, ბუკეტით, ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით (10,8–11,7%). ღვინო კარგად ინახება და ტრანსპორტაბელურია.
დამატებითი ინფორმაცია: ძლიერ ავადდება ჭრაქით. ფილოქსერისადმი კი განსაკუთრებულ მგრძნობიარობას იჩენს. საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. ვაზზე დატოვებული ყურძენი საკმაოდ დიდხანს ინახება და არ ლპება.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიშია.
წყაროები:
კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 394-398;
Рамишвили М.А., Чиитилури. В Ампелография СССР, Малораспространенные сорта, Том 3. Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1966, стр. 420-423.
ავტორი: დავით მაღრაძე
