იყალთოს წითელი
ჯიშის სახელწოდება: იყალთოს წითელი
სინონიმი: შავი ყურძენი, ჩიტისთვალა შავი
წარმოშობა: კახეთი

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი:
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა (17.0X11.5 სმ), ოვალური ფორმის. ხუთნაკვთიანი, ღრმად დანაკვეთული. ყუნწის ამონაკვეთი დახურულია, ვიწროელიფსური ან მომრგვალებული ფორმის. ზედა ამონაკვთები პატარა და საშუალო, დახურული ელიფსური ფორმის. ქვედა ამონაკვთები პატარა, ღია. ქვედა მხრიდან შებუსულია ხშირი აბლაბუდისებურ-ქეჩისებური ბუსუსებით. ზედა მხარე შეუბუსავი და დანაოჭებულია. ფოთლის ყუნწი მთავარი ძარღვის ტოლია.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: პატარა და საშუალო ზომის, სიგრძე 13-14სმ, სიგანე 5-6სმ. კონუსური ფორმის, ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. ყუნწი 2-3 სმ-ია და მწვანე ფერი აქვს. მტევნის წონა 150-200 გრამია. მტევანზე 120-160 ცალი მარცვალია.
მარცვალი: მუქი ლურჯია, მომრგვალებული ფორმის. საშუალო ზომის. ადვილად სცილდება ყუნწს. რბილობი წვნიანია, სუსტად ხრაშუნა, სასიამოვნო ტკბილი გემოსი. კანი თხელია, უხეში, დაფარულია ნაფიფქით. ყუნწის სიგრძე 0.5სმ. მარცვალში 2-3 წიპწა - ყავისფერი, ღია ფერის ნისკარტით და კარგად გამოხატული ღარით. მუცლის მხარე უფრო ღია ფერისაა, ქალაძა ამობურცულია.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,4 – 21,3%, მჟავიანობა 5,7 – 7,7 გ/ლ.
მოსავლიანობა: 8,0-10,0 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: მშრალი წითელი სასუფრე ღვინო შუალედური ხარისხისაა, ამიტომ მიზანშეწონილია მისი გამოყენება კუპაჟისათვის.
დამატებითი ინფორმაცია: საშუალო სიმწიფის პერიოდის საღვინე ჯიშია. რქის მომწიფება -კარგი. ზრდის სიძლიერე - საშუალო. ჭრაქის მიმართ შედარებით გამძლეა, ნაცრის მიმართ შედარებით მგრძნობიარეა. ერთეული ძირების სახით არსებობდა თელავისა და ახმეტის ვენახებში.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ქურთიაშვილი ო., ამბროსიძე გ., დათუაშვილი ნ., გიორგობიანი ნ., ჩიკვაიძე ლ. მცირედ გავრცელებული ვაზის კახური ჯიშების შესწავლის საკითხისათვის. წიგნში: ვაზისა და ხეხილის გენოფონდი საქართველოში. სამეცნიერო შრომების კრებული. რედ. მაღრაძე დ., მდინარაძე ი. მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2008, გვ. 62-69;
Табидзе Д., Икалтос цители, В: Ампелография СССР. Малораспространённые сорта винограда, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1963, Том I, ст. 542-543.
ავტორი: დავით მაღრაძე