აკომშტალი
ჯიშის სახელწოდება: აკომშტალი
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: აფხაზეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი:
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ან საკმაოდ დიდი, მომრგვალო ან გულის ფორმის, სამ-, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, იშვიათად ისრისებური, მომრგვალო ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია, ამოზნექილი გვერდებით და მახვილი წვერით. ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარე მთლიანად შიშველია.
ყვავილი: მდედრობითი.
მტევანი: საშუალო სიდიდის, კონუსური, თხელი ან ძალიან თხელი, იშვიათად საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა - 60-70 გ.
მარცვალი: მოწითალო-ყავისფერი. საშუალო სიდიდის, მომრგვალო, კანი დაფარულია მოიასამნისფრო-მოლურჯო ცვილის სქელი ფენით. რბილობი წვნიანია, სასიამოვნო, ცოცხალი გემოსი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18–20 %, მჟავიანობა 13 გ/ლ.
მოსავლიანობა: 1.5 ტონა/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების, კარგი ხარისხის სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: აკომშტალს ახასიათებს ძლიერი ზრდა და მცირე მოსავლიანობა. სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის ბოლოს. შედარებით ნაკლებად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 219;
Церцвадзе Н. В., Акомштал, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда, Отв.Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1963, Том I, ст. 63-64.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე