მეკრენჩხი
ჯიშის სახელწოდება: მეკრენჩხი
სინონიმი: მეკრენჩხალა
წარმოშობა: აჭარა
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: მრგვალი და ღია მწვანე ფერისაა, სქლადაა დაფარული თეთრი-მონაცისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. ზრდის კონუსიც ქეჩისებრადაა დაფარული ბუსუსით და მომწვანო-მოწითალო ელფერი გადაჰკრავს. ახლად გაშლილი პირველი ფოთოლი ზედა მხრიდან მომწვანო-იისფერია, მოწითალო ელფერი აქვს და ქეჩისებრადაა დაფარული ბუსუსით. მომდევნო მეორე და მესამე ნორჩი ფოთლები ღია მომწვანო-იისფერია. მეორე ფოთოლი უფრო სქლად, ხოლო მესამე მცირედაა შებუსული.
ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანია, მცირედ ან საკმაოდ დანაკვთული. საშუალო სიდიდის (15,4X15,7სმ). ფორმით მომრგვალო ან ოვალური. ყუნწის ამონაკვეთი ჩანგისებრი და მახვილფუძიანი. ზედა ამონაკვეთი მცირედ, ხოლო ქვედა ოდნავ ჩაჭრილია. ფოთლის დაკბილვა სამკუთხედისებურია მსხვილი ან მომრგვალებული წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე დაფარულია ქეჩისებური ბუსუსებით. მისი ზედა მხარე გლუვი და ზოგჯერ ბადისებრ დანაოჭებულია. ყუნწი ოდნავ შებუსული და ღია მწვანეა, ფუძესთან კი გადადის წითელ ღვინისფერში.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: ზომით 13X8 სმ. ცილინდრულ-კონუსური ფორმის. მეჩხერი, ზოგჯერ საშუალო სიკუმსის. ყუნწი კლერტითურთ ბალახისმაგვარი და ღია მწვანე ფერისაა, სიგრძით 3-5 სმ.
მარცვალი: მუქი ლურჯი, თითქმის შავი ფერის. საშუალო სიდიდის ან საშუალოზე უფრო მსხვილი. ფორმით მომრგვალო, შუა წელში უფრო განიერი, ბოლო მომრგვალებული და სიმეტრიული. სქელკანიანი და ადვილად საღეჭი. უფრო მეტად ხორციანი და შედარებით ნაკლებწვნიანი, მეტად სასიამოვნო ტკბილი გემოსი. კანი უხვადაა დაფარული ნაფიფქით. ყუნწი მწვანე ფერის, ხოლო ფუძესთან წითელი ღვინის ფერს იღებს.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17-18%, მჟავიანობა 9,1 გ/ლ.
მოსავლიანობა: 5,0-5,5 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,75.
სამეურნეო მიმართულება: სასუფრე.
სასუფრე ყურძნის დახასიათება: ყურძენი კარგად ინახება და ტრანსპორტაბელურია. ვაზზე დატოვებული ყურძენი იანვრამდე ძლებს და არ ჭკნება.
დამატებითი ინფორმაცია: კარგად ეგუება როგორც გრძელ, ასევე მოკლე გასხვლას. მაღალარისხოვანი პროდუქციის მიღების მიზნით უნდა გაშენეს მზით განათებულ და შემაღლებულ ადგილებზე. განსაკუთრებით მგრძნობელობას იჩენს ნაცრისა და ფილოქსერის მიმართ.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 216-219.
Рамишвили М.А., Мекренчхи, В Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда, Том 2. Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1965, стр. 353-355.
ავტორი: დავით მაღრაძე