ხიხვი
ჯიშის სახელწოდება: ხიხვი
სინონიმი: ჯანანურა
წარმოშობა: კახეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და პირველი ორი-სამი ჯერ გაუშლელი ფოთოლაკი შებუსულია ქეჩისებრად ორივე მხრიდან და შეფერილია თეთრად მორუხო იერის გადაკვრით. მე-4-5 ფოთლების შებუსვა ზედა მხრიდან მცირდება და შეფერვა მოყვითალო - მწვანე ხდება, მოწითალო ან მოღვინისფრო იერით. ფოთლის ქვედა მხარე მოვერცხლისფრო თეთრია და ოდნავ მოვარდისფრო იერი დაჰკრავს ფოთოლაკების ირგვლივ.
ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანი. დიდი ან საშუალოზე უფრო დიდი ზომის (26X26სმ). მომრგვალო და წაგრძელებულ-ოვალური. ზედაპირი წვრილბურთულებიანი, იშვიათად ბადისებრ დანაოჭებულია. ზედა და ქვედა ამონაკვეთები უფრო ხშირად ზეზეურია და იშვიათად საშუალო სიღრმეს აღწევს. ყუნწის ამონაკვეთები ნაპრალისებრი, იშვიათად ჩანგისებრი შევიწროებული ყელით, დეზით. კბილები უფრო ხშირად ხერხისკბილისებრი გამოწეული გვერდითა და მახვილი წვერით. ქვედა მხარე შებუსულია საკმაოდ სქელი, აბლაბუდისებრი ბეწვებით. ყუნწი შეფერილია მოღვინისფრო-წითლად და შებუსულია აბლაბუდისებრი ბეწვებით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: ზომით საშუალო და საშუალოზე მცირე (13X7სმ). წონა 80-200გ. ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ მხრიანი. ხშირად თხელი, იშვიათად საშუალო სიკუმსის. მარცვლების რაოდენობა საშუალოდ 70. ყუნწი ბალახისებრია, ფერად მწვანე. მარცვლის ბალიში ხორკლიანია და ფორმით განიერი კონუსისებრი.
მარცვალი: საშუალო ზომის (1,60X1,55სმ). მომრგვალო ან ოვალური ფორმის. ფერით მომწვანო-ყვითელი, მზისკენ მიქცეულ მხარეს სიდამწვრის ხალები აყრია. კანი თხელია, ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი წვნიანი, მდნადი. წვენი უფერულია, სასიამოვნო გემო თავისებური ჯიშური არომატით. წიპწების რაოდენობა 1-3.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20-27%, ცალკეულ წლებში შეიძლება მიაღწიოს 30%. მჟავინობა 4,5-8,8 გ/ლ.
მოსავლიანობა: 4,5-6,0 ტ/ჰა.
სამურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ხიხვის ღვინოს აყენებენ როგორც ევროპული, ისე კახური წესით. დგება სადესერტო მაღალი ღირსების ღვინო. ევროპული სუფრის ღვინო ღია ჩალისფერია, გამჭვირვალე, აქვს სასიამოვნო ჯიშური არომატი, ნაზი, სრული და ჰარმონიული გემო. კახურად დაყენებული კი - მუქი ჩალისფერია, საკმაოდ სხეულიანი, სრული და ჰარმონიული. კარდენახის რაიონში მოყვანილი ყურძნისაგან შექმნილი იყო სადესერტო ღვინო „ხიხვი“, რომელიც იყო მუქი ქარვისფერი, ჰარმონიული, ტოკაის ტიპის ღვინისათვის დამახასიათებელი ბუკეტით, 13% ალკოჰოლის, 5-7% საერთო მჟავიანობისა და 24% შაქრის შემცველობით.
დამატებითი ინფორმაცია: ხიხვის გამძლეობა ნაცრის მიმართ სუსტი, ხოლო ჭრაქის მიმართ საშუალოა. ზრდის სიძლიერე საშუალოა. საადრეო სიმწიფის სხვა კახურ ჯიშებთან შედარებით.
დღევანდელი მდგომარეობა: მცირედ გავრცელებული ჯიშია.
წყაროები:
კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 399-404.
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, თბილისი, 1987, გვ. 249-251;
რამიშვილი მ., ამპელოგრაფია, მე-2 გამოცემა, სახელმძღვანელო უმაღლესი აგრონომიული სპეციალობის სტუდენტებისათვის, გამომცემლობა „განათლება“, თბილისი, 1986, გვ. 422-424;
Tsertsvadze N. 2012. Georgia: native varieties of grape. In: Maghradze, D., Rustioni, L., Turok, J., Scienza, A., Failla O. (Eds). Caucasus and Northern Black Sea Region Ampelography. Vitis (special issue). Pp. 177-239.
ავტორი: ლარისა ვაშაკიძე