საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კრახუნა


ჯიშის სახელწოდება: კრახუნაkraxuna სინონიმი: უცნობია წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და პირველი ორი ჯერ კიდევ გაუშლელი მომწვანო თეთრი ფერის ფოთოლაკი, რომლებსაც ღია მოვარდისფრო არშია აკრავს, შებუსულია სქელი ქეჩისებრი ბუსუსით; მესამე და მეოთხე ფოთლების შებუსვა ზემო მხრიდან მცირდება და მომწვანო-ყვითელი ხდება, ნარინჯის იერით, ხოლო ქვედა მხრიდან, შებუსვის შემცირების გამო, მორუხო თეთრია. ყლორტის შებუსვა ზევიდან ქვევით მცირდება. ზრდასრული ფოთოლი: ხუთნაკვთიანია, იშვიათად სამნაკვთიანი. საშუალო სიდიდის (სიგრძე 17–18სმ, სიგანე 18–19სმ). მომრგვალო, ხშირად განიერ-ოვალური. მუქი მწვანე ფერის. ზედაპირი ხშირად მსხვილბურთულებიანია, იშვიათად ბადისებრ დანაოჭებული, ან წვრილბურთულებიანი. ყუნწის ამონაკვეთი ღია, ფორმით ჩანგისმაგვარი, აღინიშნება დეზის არსებობა. ზედა ამონაკვეთები საშუალო სიღრმისაა, ფორმით ჩანგისმაგვარი, იშვიათად პარალელურგვერდებიანი. ქვედა ამონაკვეთები ღრმა, ჩანგისმაგვარი. კიდე დაკბილულია ცალგვერდგამოწეული და სამკუთხედისებური ფორმის კბილებით. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია საკმაოდ სქელი აბლაბუდისებრი ბუსუსებით, რომელთა ქვეშ მოფენილია მოკლე ჯაგრისებრი ბუსუსები. ყუნწი მოწითალო ღვინისფერია და ოდნავ შებუსული. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო სიდიდის (სიგრძე 12-16სმ, სიგანე 8-10სმ), განიერკონუსური, ხშირად მხრიანი. კუმსი, იშვიათად საშუალო სიკუმის. ყუნწი ბალახისებრი, სრული სიმწიფის პერიოდისათვის ხევდება და რქის ფერს იღებს. მარცვალი: მომწვანო-ყვითელი, სრულ სიმწიფეში და გადამწიფებისას - ლამაზი მოქარვისფრო ყვითელი იერის. მზისაკენ მიქცეულ მხარეზე სიდამწვრის მოყავისფრო ლაქები. საშუალოზე მსხვილი (სიგრძე საშუალოდ 1,7–1,8სმ, სიგანე 1,5–1,6სმ). ოვალური, იშვიათად მომრგვალო, შუაში განიერი, ხოლო ბოლო მომრგვალებული. კანი თხელია, მაგრამ საკმაოდ მკვრივი, ნაფიფქი სქლად გამოხატული. რბილობი კნატუნა, მკვრივი, წვენი უფერული, მეტად ტკბილი. ჯიშური არომატი მარცვალში მკრთალად გამოისახება. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 21,0-23,0%, მჟავიანობა 6,5–8,5 გ/ლ. მოსავლიანობა: 8,0–10,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,3 – 1,5. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინო. ვეროპული წესით დაყენებული ღვინო მოყვითალო - ჩალისფერია, ხასიათდება სისრულით, ენერგიით დ სასიამოვნო გემოთი. იმერული წესით დაყენებული უფრო მუქად არის შეფერილი, მოქარვისფრო - ყვითელია, ხასიათდება თავისებური ჯიშური არომატით. ენერგიით, დიდი სხეულით და ოდნავ უხეშობით ახალგაზრდობაში. დავარგებისას ღვინო საგრძნობად უმჯობსება, ივითარებს ძლიერ ბუკეტს, უფრო ნაზი და ჰარმონიული ხდება. კრახუნას ღვინოს აქვს მწიფე მსხლის გემო, ბალახის ტონები და სასიამოვნო მჟავიანობა. საქართველოს ღვინის კომპანიები ასხავენ კრახუნას ჯიშურ ღვინოს.
დამატებითი ინფორმაცია: სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს - ოქტომბრის დასაწყისში. მაღალხარისხოვან ღვინოს იძლევა ნეშომპალა-კარბონატულ, ტყის კარბონატულ და სუსტად გაეწრებულ ნიადაგებზე. ჭრაქის მიმართ ნაკლებად გამძლეა, ვიდრე ნაცრის მიმართ. ზამთრის ყინვებს კრახუნა შედარებით კარგად უძლებს. დღევანდელი მდგომარეობა: ლოკალურად გავრცელებული ჯიშია . წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 204-210. რამიშვილი მ., ამპელოგრაფია. მე-2 გამოცემა, სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის, გამომცემლობა „განათლება“, თბილისი, 1986, გვ. 347-350. Robinson J., Harding J., Vouillamoz J. Wine grapes. New York. HarperCollins Publisher. Pp. 514. Tsertsvadze N. 2012. Georgia: native varieties of grape. In: Maghradze, D., Rustioni, L., Turok, J., Scienza, A., Failla O. (Eds). Caucasus and Northern Black Sea Region Ampelography. Vitis (special issue). Pp. 177-239. ავტორი: დავით მაღრაძე