შავშურა
ჯიშის სახელწოდება: შავშურა
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: ქართული (გავრცელებული იყო აჭარაში)
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მომწვანო-მოწითალოა იისფერი ელფერით, სქლად არის შებუსული, ქეჩისებურია. ახალგაზრდა ფოთლები ღია მწვანეა, კიდეებზე მოწითალო-იისფერი ელფერით, ზედა მხრიდან მცირედ შებუსულია, ხოლო ქვედა მხრიდან - სქლად, მოთეთრო-ნაცრისფრო ბუსუსით, ქეჩისებურად.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოდნავ განივ-ოვალურია, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ისრისებურია მახვილი ფუძით, იშვიათად დახურულია ვიწროელიფსური ფორმის ამონაკვეთით. კბილები ხერხკბილა-სამკუთხედისებურია, მორიგეობით სამკუთხედისებურია ამოზნექილი გვერდებითა და მახვილი წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე მცირედ არის შებუსული ჯაგრისებურ-აბლაბუდისებრი ბუსუსით.
ყვავილი: მდედრობითი.
მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური ან კონუსური ფორმის, ახასიათებს ფრთა, საშუალო სიკუმსის, საშუალო წონა - 135,0 გ.
მარცვალი: საშუალო ზომისაა, ოვალური, ღია ქარვისფერი, მცირედ დაფენილი ცვილით, სქელკანიანი. რბილობი ნაკლებ წვნიანი და საკმაოდ ხორციანი, ჩვეულებრივი ტკბილი გემოსი. უმეტესად ორწიპწიანი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,9 %, მჟავიანობა 9,4 გ/ლ.
მოსავლიანობა: 7,5-9,5 ტონა/ჰექტარზე.
სამეურნეო მიმართულება: სასუფრე-საღვინე.
სასუფრე ყურძნის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენია, მტევნისა და მარცვლის საკმაოდ ლამაზი გარეგნული იერით, ტრანსპორტაბელურია.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის თეთრი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. ძლიერად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით. აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 171-174;
Рамишвили М.А., Шавшура, В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва,1966,Том III, Ст. 503-505.
ავტორი: ირმა მდინარაძე