მურადოული
ჯიშის სახელწოდება: მურადოული
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და პირველი ფოთლები სქლად არის შებუსული აბლაბუდისებური ბუსუსით, მოთეთრო ფერისაა ვარდისფერი არშიით.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ან დიდი ზომის, თირკმლისებური, იშვიათად მომრგვალო, დაუნაკვთავი ან სამნაკვთიანი მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ფორმით ცვალებადობს ჩანგისებურიდან განიერ-ისრისებურამდე, უფრო ხშირად ისრისებურია, იშვიათად გვხვდება დახურული, კვერცხისებური ფორმის ამონაკვეთით. კბილები გუმბათისებური და სამკუთხედისებური, მორიგეობით დიდი და პატარა. ფირფიტის ქვედა მხარე საშუალოდ არის შებუსული ჯაგრისებურ-აბლაბუდისებური ბუსუსით.
ყვავილი: მდედრობითი.
მტევანი: საშუალო ან დიდი ზომის, ფორმით განიერ-კონუსური, დატოტვილი, საშუალო სიკუმსის, თხელი ან ძალიან თხელი, საშუალო წონა - 150,0 გ.
მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო, მომწვანო-ყვითელი ფერის, უხვად დაფენილი ცვილით. კანი უხეში, კარგად ეცლება რბილობს. რბილობი მკვრივი. ერთი-, ოთხწიპწიანი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,8-20,6 %, მჟავიანობა 9,7-11,5 გ/ლ.
მოსავლიანობა: 13,0 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის თეთრი ღვინო. იშვიათად აყენებენ ცალკე, ძირითადად გამოიყენება სხვა ადგილობრივ ჯიშებთან - უფრო ხშირად კუნძასთან და იმერულ მწვანესთან ერთად.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ საშუალო გამძლეობისაა. აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 233.
Табидзе Д.И., Мурадоули. В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность,Москва,1965,Том II,Ст. 404-406.
ავტორი: ირმა მდინარაძე