საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მსხვილთვალა თეთრი


ჯიშის სახელწოდება: მსხვილთვალა თეთრი სინონიმი: უცნობია წარმოშობა: კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და პირველი ორი-სამი ფოთოლი თითქმის შიშველი, შებუსვა მხოლოდ გვირგვინზე აღენიშნება. ახალგაზრდა ფოთლები პრიალაა, მოყვითალო-მომწვანო, ნათელი ღვინისფერი-წითელი არშიით ფოთლის კიდეებზე. ზრდასრული ფოთოლი: ხუთნაკვთიანი, საშუალოდ ან ძლიერ დანაკვთული, მომრგვალო, საშუალო ზომის. ზედა ამონაკვთები საშუალო სიღრმის, მცირე ელიფსური ფორმით, გვხვდება დახურულამონაკვთიანი ფოთლებიც. ქვედა ამონაკვთები პატარა და საშუალოა, ღია. ყუნწის ამონაკვეთი დახურულია, იშვიათად - ღია. ფოთლის ზედაპირი სწორია. ქვედა მხარის შებუსვა საშუალო, ჯაგრისებური. კიდეების დაკბილვა სამკუთედისებური ამობურცული გვერდებით და მახვილი წვერით. ყუნწის ფერი ღია ვარდისფერი სიმწვანისაკენ გარდამავალი, სიგრძით მთავარი ძარღვის სიგრძეზე მოკლე. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: ცილინდრული, იშვიათად ცილინდრულ-კონუსისებური. კუმსი, ზოგჯერ მეჩხერი. საშუალო და დიდი ზომის, წონა 180-200გ. ყუნწი მოკლე. მარცვლების რაოდენობა 200-220 ცალი. მარცვალი: ღია ყვითელი, დიდი ზომის, ოვალური. კანი თხელი, საშუალო სიმტკიცის, რბილობს ძნელად სცილდება. რბილობი ხორციანი და წვნიანია, კნატუნა, ნეიტრალური გემოს მქონე, სასიამოვნო. წიპწების რაოდენობა 1-3, საშუაოდ 2. წიპწა მსხვილია, ღია ყავისფერი. ყურძნის წვენი: შაქარიანობა 16-17 %, მჟავიანობა 5,0-7,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 6,0-8,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: სასუფრე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: გამოირჩევა ლამაზი მტევნით, მსხვილი, ოვალური მარცვლით და სასიამოვნო გემოთი. ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძენია. ვარგისია ახლო მანძილზე ტრასპორტირებისათვის.
დამატებითი ინფორმაცია: მიეკუთვნება საშუალო პერიოდის სიმწიფის ჯიშს. ჭრაქის მიმართ საშუალო გამძლეობისაა, ნაცრის მიმართ უფრო მგრძნობიარეა. რქის მომწიფების ხარისხი კარგი აქვს. ხასიათდება ძლიერი ზრდით. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ქურთიაშვილი ო., ამბროსიძე გ., დათუაშვილი ნ., გიორგობიანი ნ., ჩიკვაიძე ლ., მცირედ გავრცელებული ვაზის კახური ჯიშების შესწავლის საკითხისათვის, წიგნში: ვაზისა და ხეხილის გენოფონდი საქართველოში. სამეცნიერო შრომების კრებული, რედ. მაღრაძე დ., მდინარაძე ი., მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2008, გვ. 62-69. Табидзе Д., Мсхвилтвала тетри, В Ампелография СССР, Малораспространенные сорта, том 2, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1965, стр. 397-399. ავტორი: დავით მაღრაძე