საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კუმსი თეთრი


ჯიშის სახელწოდება: კუმსი თეთრიkumsi-tetri სინონიმი:  უცნობია წარმოშობა:  კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი გვიგვინით და პირველი სამი გაუშლელი თეთრიფერის ფოთოლაკით ყოველმხრივ შებუსულია სქელი ქეჩისებური შებუსვით; მეორე იარუსის ფოთლების ზედა მხრეს შეუბუსავია და მორუხო-მოყვითალა ფერისაა. ქვედა მხარეს შებუსვა შენარჩუნებულია, ფერი მოვერცხლისფერო-თეთრია. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა16,5X17სმ.უფრო ხშირად გვხვდება ხუთნაკვთიანი. ფოთლის ფირფიტა მომგვალო, ოდნავ ოვალური ფორმისა. ზედაპირი გლუვია.ყუნწის ამონაკვეთის ფორმა ცვალებადია - უფრო ხშირად გვხვდება მახვლი ან მრგვალფუძიანი ჩანგისებური ფორმის. ზედა ამონაკვეთი საკმაოდ ღრმა, იშვიათად საშუალო სიღრმის, უფრო ხშირად გვხვდება ბრტყელფუძიანი და ვიწროყელიანი ჩანგისმაგვარი ფორმა, იშვიათად კი ნაპრალისმაგვარი ამონაკვეთი. ქვედა ამონაკვეთი ნაკლებ განვითaრებული და ნაკლებ ღრმაა. ამონაკვეთის ფორმა მრგვალფუძიანი, ღია ჩანგისმაგვარი, იშვიათად მრგვალფუძიანი ნაპრალისმაგვარი ფორმის. ფოთლის მთავარი ძარღვები ნემსისმაგვარი, მგვალფუძიანი სამკუთხედისმსგავსი ფორმის კბილებით ბოლოვდება, გვერდითი კბილები მახვილწვეროიანი სამკუთხედისმსგავსი და ხერხის კბილებისმაგვარი ფორმისაა. ფოთლის ქვედა მხარე დაფარული სქსელი ქეჩისმაგვარი შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო სიდიდის,სიგრძე 13-17 სმ, სიგანე 6,5-10სმ.წონა, საშუალოდ, 85-220გ. ფორმა კონუსური ან ცილინდრულ-კონუსურია.უმეტესად კუმსი. მარცვლების რაოდენობა მტევანში 50-200. მარცვალი: ღია ყვითელი ფერისაა. საშუალო ზომის, სიგრძე 1,6-1,8 სმ და სიგანე 1,5-1,7 სმ. მომგვალო ფორმის. კანი თხელი და გამჭირვალე, ადვილად სცილდება რბილობს. წვენი უფერო, გემო ტკბილი, ჯიშური არომატი თითქმის არაა გამოხატული. წიპწების რაოდენობა მარცვალში მერყეობს 1-3-ის ფარგლებში. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16-20%, მჟავიანობა 6-10 გ/ლ. მოსავლიანობა: 5,4-7,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: საშუალოდ 1,2. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: გამოიყენებოდა ე.წ. ორდინალური ტიპის სუფრის ღვინის დასამზადებლად. ღვინო ჩალისფერი, სუსტად გამოსახული ჯიშური არომატით, დამახასიათებელია საშუალოზე მცირე ალკოჰოლის შემცველობა და სხეული, სასიამოვნო გემო და მჟავიანობა.
დამატებითი ინფორმაცია: მოსავალს იძლევა ადრე; სოკოვანი დაავადებების მიმართ გამძლეა - კარგად უძლებს ჭრაქს და საშუალოდ ნაცარს. ფილოქსერას მიმართ ახასიათებს საშუალო გამძლეობა.იწურება ძირითადად რქაწითელსა და მწვანესთან ერთად. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები,  გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 238-246. Табидзе Д. И.,1965. Кумси тетри, В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные сорта винограда, Том 2, Отв. Ред. Негруль А. М., Издательство  “Пишепромиздат”, Москва, Стр. 226-229. ავტორი: შენგელი კიკილაშვილი