საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ოფოურა


ჯიშის სახელწოდება: ოფოურაofoura სინონიმი: მაგარა წარმოშობა: გურია
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მოწითალო-ჟანგისფერია, უხვად არის შებუსული ბეწვისებური ბუსუსით. ახალგაშლილი პირველი ფოთოლი ზედა მხრიდან ღია მწვანეა, მოყვითალო ელფერით, საკმაოდ შებუსული, ქვედა მხრიდან ქეჩისებურად შებუსულია თეთრი ფერის ბუსუსით. ყლორტი საკმაოდ არის შებუსული მოთეთრო-ნაცრისფერი ბუსუსით. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად განივ-ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ისრისებური, თანასწორგვერდიანი, მახვილი ფუძით,იშვიათად ჩანგისებურია მომრგვალო ან ბრტყელი ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია მცირედ ამოზნექილი გვერდებითა და მომრგვალებული წვერით, იშვიათად ხერხკბილა-სამკუთხედისებურია და ცალ გვერდზე ამოზნექილი. ფირფიტის ქვედა მხარე სქლად არის შებუსული, ქეჩისებურია. ყვავილი: მდედრობითი. მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის, საშუალო მასა - 128,0 გ. მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო, ან მცირედ ოვალური, მუქი ლურჯი - გარდამავალი შავ ფერში, მცირედ დაფენილი ცვილით. კანი მკვრივია. რბილობი ხორციანი და წვნიანი, ჩვეულებრივი, ტკბილი გემოსი. უმეტესად ორწიპწიანია. მოსავლიანობა: 5,5-5,8 ტონა/ჰექტარზე. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: საკმაოდ ჰარმონიულია, სასიამოვნო, ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, ტრანსპორტაბელურია.
დამატებითი ინფორმაცია: ძალიან საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. ძლიერად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით. აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 98-100. ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 235. Рамишвили М.А., Опоура, В: Ампелография СССР, Малораспростране­нные сорта винограда,Отв.ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва, Том II,1965,Ст. 504-505. ავტორი: ირმა მდინარაძე