ძაღლიარჭამა
ჯიშის სახელწოდება: ძაღლიარჭამა
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: კახეთი

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი გვირგივინით და გაუშლელი პირველი ორი ფოთოლაკით შებუსულია სქელი აბლაბუდისებრი შებუსვით, ფერად მორუხო-თეთრია. მეორე იარუსის ფოთლები ზედა მხრიდან მონარინჯრისფრო-ყვითელი ფერის, ხოლო ქვედა მხრიდან მორუხო-თეთრი ფერის.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, მომგვალო ფორმის. უმეტესად ხუთნაკვთიანი. ზედაპირი ხშირად გლუვია. ყუნწის ამონაკვეთი უმეტესად მსხვილფუძიანი ჩანგისმაგვარია. ზედა ამონაკვეთის ფორმა ხშირად ვიწროყელიანი ჩანგისმაგვარია, იშვითად ნაპრალისებრი და შეჭრილი კუთხისმაგვარი. ქვედა ამონაკვეთის ფორმა ძირითადად მომრგვალოფუძიანი ჩანგისმაგვარი, იშვიათად ოდნავ ჩაჭრილი ლანცეტის ფორმის. მთავარი კბილების ფორმა წაწვეტებული სამკუთხედის მსგავსია. გვერდითი კბილები ხერხის კბილებისმაგვარი ფორმისაა. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი აბლაბუდისმაგვარი ბეწვით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, სიგრძე 14-20სმ, სიგანე 12-16სმ. ფორმა ხშირად განიერკონუსისებური ფორმისაა ან - უფორმო. უმეტესად საშუალოდ კუმსია. წონა 250-300გ. მარცვლების რაოდენობა, საშუალოდ, 310 ცალი.
მარცვალი: ღია ვარდისფერი, მსხილი და საშუალოზე მსხვილი, სიგრძე 1,8-2სმ, სიგანე 1,85-2,05სმ. ფორმა მომრგვალო ან ოდნავ შეზნექილი. კანი უხეში, ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი მკვრივია. წვენი უფერულია, გემო უბრალო,ნეიტრალური. მარცვალი მჭიდროდაა მიმაგრებული ყუნწზე. წიპწების რაოდენობა მარცვალში 1-4 ცალი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17-18%, მჟავიანობა 9,2 გ/ლ.
მოსავლიანობა: 7,0-8,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 0,5-0,6.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე - სასუფრე.
ღვინის დახასიათება: იძლევა სუფრის მშრალ ღვინოს.
სასუფრე ყურძნის დახასიათება: იძლევა ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენს.
დამატებითი ინფორმაცია: კახეთის ვაზის სხვა ჯიშებთან შედარებით, საშუალო გამძლეობით ხასიათდება სოკოვანი დავადებების მიმართ.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ.407-412.
Табидзе Д., Дзаглиарчама, В кн. Ампелография СССР, Малораспространенные сорта, Отв. ред. А. М. Негруль, Изд-во «Пищевая промышленность», 1963,стр. 468-471.
ავტორი: შენგელი კიკილაშვილი