ხოფათური
ჯიშის სახელწოდება:ხოფათური
სინონიმი: ქვაფათური,ხაფათური
წარმოშობა: აჭარა

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი ღია მწვანეა, კიდეებზე ღია წითელი ფერის, სქლად შებუსული აბლაბუდისებრი ბუსუსით. ახალგაშლილი ფოთლები ღია მწვანეა მოწითალო-იისფერი შეფერვით, ორივე მხრიდან შებუსულია საკმაოდ სქელი აბლაბუდისებრი ბუსუსით. ყლორტი ღია მწვანეა, ცალ მხარეზე ოდნავ მოწითალო ელფერით, მცირედ შებუსული მონაცრისფრო ბეწვისებური ბუსუსით.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო სიდიდისაა, განიერ-ოვალურიან მომრგვალო, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი უმეტესად ჩანგისებურია მომრგვალო ფუძით, ზოგჯერ ფუძეზე გვხდება ერთი კბილი. კბილები სამკუთხედისებურია, მახვილი ან მომრგვალებული წვერით, ან ხერხკბილა-სამკუთხედისებურია. ფირფიტის ქვედა მხარე მცირედ შებუსულია.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო სიდიდისაა, კონუსური ან
ცილინდრულ-კონუსური ფორმისაა და დატოტვილი, თხელია, საშუალო მასა 150,0 გ-ს აღემატება.
მარცვალი: საშუალო სიდიდისაა, ოვალური, ღია მწვანე ფერის, მოყვითალო-მოქარვისფრო იერით, სქელკანიანი. რბილობი მკვრივხორციანია, აქვს მეტად სასიამოვნო ტკბილ-მომჟავო გემო. უმეტესად ორწიპწიანია.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20,0 %, მჟავიანობა 8,5 გ/ლ.
მოსავლიანობა: 9,0 ტონა/ჰექტარზე.მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,1-1,2.
სამეურნეო მიმართულება: სასუფრე.
ყურძნის დახასიათება: მაღალხარისხიანი სასუფრე ვაზის ჯიშია. ხასიათდება ყურძნის გარეგნული სილამაზით და სასიამოვნო გემოთი. კარგად ინახება და ტრანსპორტაბელურია.
დამატებითი ინფორმაცია: გამოიყენება აგრეთვე ადგილობრივი მოხმარების სუფრის თეთრი ღვინის დასამზადებლად. ახასიათებს მომეტებული ყვავილცვენა, რის გამოც მტევანი თხელია. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალოზე ძლიერი ან ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960;
რამიშვილი მ., ამპელოგრაფია, გამომცემლობა „განათლება“, 1986, გვ. 289-291.
Рамишвили М.А., Хопатури, В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда, Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва, Том III,1966,Ст. 346-349.
ავტორი: ირმა მდინარაძე