ბეჟანა
ჯიშის სახელწოდება: ბეჟანა
სინონიმი: მოზაიკი, ჭრელი
წარმოშობა: ქართლი

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: მწვანე ფერის და უბუსუსო. ზრდის კონუსი ღია მწვანე.
ზრდასრული ფოთოლი: დიდი ზომის (სიგრძე 26 სმ, სიგანე 20 სმ). გულისმაგვარი ფორმის, დაუნაკვთავი, გვხვდება ოდნავ დანაკვთულიც. თხელფირფიტიანი. ფოთლის ზედაპირი სწორი და ღია მწვანე. ქვედა მხარე შეუბუსავი. ყუნწის ამონაკვეთი დახურული. ფირფიტის მთავარი კბილები ვიწრო სამკუთხედისებრი, გვერდითი კბილები ხერხკბილისმაგვარი.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: დიდი ზომის (სიგრძე 25 სმ, სიგანე 9 სმ). მეტად დიდი და კუმსი. ცილინდრული, გვხვდება კონუსური ფორმითაც. საშუალო წონა 350 გ, ზოგიერთი მტევანი 700–900 გ-მდე აღწევს. ყუნწი ძალიან მოკლე აქვს.
მარცვალი: საშუალოზე მსხვილი (სიგრძე 1,5 სმ, სიგანე 1,4 სმ). შეფერილია შავად. თხელკანიანი და წვნიანი. ჩვეულებრივი ტკბილი გემოსი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 15,0 %, მჟავიანობა 8,0–10,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: 15–20 კგ/ძირზე (მაღლარზე).
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: მზადდება დაბალხარისხიანი სუფრის და ცქრიალა ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ საკმაო გამძლეობით გამოირჩევა და ყინვაგამძლეა. ძველად მესხები ბეჟანას „მოზაიკს“ ანუ ჭრელს უწოდებდნენ და ვინაიდან ამ ჯიშის ყურძნის მტევანში სიმწიფის პერიოდში მარცვლების ნაწილი მუქი შავია, ნაწილი -ყავისფერი და ალაგ–ალაგ მწვანედ რჩება, მტევანი ღებულობს მოზაიკურ, ანუ ჭრელ შეხედულებას. მტევნის მარცვლების ასეთი მრავალფეროვნების გამო მოსახლეობამ ამ ჯიშის ვაზებს „ბეჟანა“ უწოდა. ვაზი ძლიერი ზრდით ხასიათდება და ხეებზე ადის მაღლა, რის გამოც ბევრ შაქარს ვერ აგროვებს.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
წიქვაძე შ., მევენახეობის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები მესხეთში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1958;
Табидзе Д.И., Бежана. Ампелографиия СССР, Малораспрастранные сорта винограда, Том 1, Пишепромиздат, Москва, 1963, ст 200-201.
ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი