საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ჩერგვალი


ჯიშის სახელწოდება: ჩერგვალიchergvali სინონიმი: უცნობია წარმოშობა: სამეგრელო
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი ღია მოწითალოა და საკმაოდ სქლადაა დაფარული მოთეთრო ბეწვისებრი ბუსუსით. ღია მწვანე ყლორტი მრგვალია და თეთრ-მონაცრისფრო ბუსუსითაა დაფარული. შებუსვა უფრო მატულობს ყლორტის წვერისაკენ. ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანი, უფრო იშვიათად ხუთნაკვთიანიც. საშუალო სიდიდის (16,7X15,8სმ). თითქმის ოვალური. ყუნწის ამონაკვეთი უფრო ხშირად ჩანგისებრია, სამი ძარღვისაგან შედგება და მომრგვალო ფუძე აქვს. ზედა ამონაკვეთი ღიაა და კვერცხისებრი მოყვანილობის, მომრგვალო ან წამახვილებული ფუძით. ქვედა ამონაკვეთი ძლიერ მცირედაა ჩაჭრილი. ნაკვთების წვერის კბილები უფრო ხშირად სამკუთხედისებრია, ამოზნექილი გვერდებით და წამახვილებული ან მომრგვალო წვერით - გვხვდება ხერხკბილისებრი, ცალხმრივ ამოზნექილგვერდიანი კბილებიც. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა ქეჩისებრი. ფოთლის ზედა მხარე ბადისებრ დანაოჭებულია. ფირფიტის მთავარი ძარღვები სუსტადაა შებუსული და ღია მწვანეა, ხოლო ფუძესთან იისფერი ხდება. ყუნწი შიშველი და მომწვანო-მოწითალოა. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსურია. ახასიათებს განტოტვა; მხრის სიგრძე მტევნის სიგრძის 2/3 -ს უდრის. მტევანი საშუალო სიმკვრივისაა. მტევნის სიგრძე 11-16სმ, სიგანე 6,5-10სმ. მტევნის წონა საშუალოდ 135,5გ. მარცვლების რაოდენობა მტევანში 35-60. ყუნწის სიგრძე 4–5სმ, ბალახისებრია, ფერად მუქი მწვანე. მარცვალი: ღია მწვანეა. საკმაოდ მსხვილი და მომრგვალო, შუა წელში განიერი, ბოლო მომრგვალებული და სიმეტრიულია. ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშითურთ 7–9მმ, საჯდომი ბალიში დამეჭეჭებული და განიერკონუსისებრი. მარცვალი საჯდომ ბალიშზე საკმაოდ მტკიცედაა მიმაგრებული. კანი სქელი, ოდნავ დაფარულია ცვილით. რბლობი საკმაოდ ხორციანია, წვნიანი და ჩვეულებრივი ტკბილი გემო აქვს. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18–19%, მჟავიანობა 8,5–9,1 გ/ლ. მოსავლიანობა: 6,8-7,5 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,4. სამეურნეო მიმართულება: სასუფრე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: სუფრის ყურძნის ჯიშისათვის დამახასიათებელი ლამაზი აღნაგობის მტევნები და მსხვილი, ხორციანი, ლამაზად შეფერილი მარცვლები. ვაზზე დატოვებული ყურძენი დაუჭკნობლად ძლებს დეკემბრის ბოლომდე, დაკრეფილი კარგად ინახება ზამთრის განმავლონაში. ტრასპორტაბელურია.
დამატებითი ინფორმაცია: „ჩერგვალი“ მეგრულად „თეთრ მრგვალს“ ნიშნავს. საშუალოზე ძლიერი ან ძლიერი ზრდისაა. საგვიანო სიმწიფის. მიდრეკილება მარცვლების დაწვრილებისადმი სუსტი. გამძლეობა სოკოვან დაავადების, განსაკუთრებით ჭრაქის მიმართ, მიმართ სუსტია. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960. გვ. 328-330; Рамишвили М.А., Чергвали, В Ампелография СССР, малораспространенные сорта, Том, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1966, стр. 427-428. ავტორი: დავით მაღრაძე