თითა ქართლური
ჯიშის სახელწოდება: თითა ქართლური
სინონიმი: თითა ყურძენი, რბილთითა, ატენის თითა
წარმოშობა: ქართლი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: მომწვანო - მუქი ყავისფერი ან წაბლისფერი ზოლებით და შებუსული მოთეთრო-მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსებით. ახლად გაშლილი პირველი ფოთოლი ზედა და ქვედა მხრიდან დაფარულია მოთეთრო-მონაცრისფრო ქეჩისებრი ბუსუსით, ფოთლის ნაპირები კი შეფერილია ვარდისფრად. მომდევნო მეორე ფოთლის შებუსვა ქვედა მხრიდან ისევ ქეჩისებრია, ხოლო ზედა მხრიდან აბლაბუდისებრი.
ზრდასრული ფოთოლი: ხუთნაკვთიანი, საშუალო სიდიდის (17,5X17,0სმ), მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის. ღრმად დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა და უფრო ხშირად თაღისებრი. ზედა ამონაკვეთი ღრმად ჩაჭრილია, უფრო ხშირად დახურულია. ქვედა ამონაკვეთიც უფრო ხშირად ღრმად ჩაჭრილი და ღია ჩანგისებრია. ბუნებრივ მდგომარეობაში ფოთოლი ძაბრისმაგვარი ან ძაბრისმაგვარ-ღარისებრია. მისი ზედა მხარე შიშველია და მბზინვარე – გლუვი. ქვედა მხრიდან ძარღვებს შორის შეუბუსავია ან სუსტად აბლაბუდისებურად შებუსული.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: ცილინდრულ-კონუსისებრი ფორმის, ზომით 15,5X10,5სმ. ფრთიანი, რომლის სიგრძე ხშირად ძირითადი მტევნის 1/3-მდე აღწევს; კუმსი, გვხვდება საშუალოდ კუმსი და თხელი მტევნებიც. მტევნის საშუალო წონა - 160გ. ყუნწის სიგრძე - 3,5-7სმ, მუხლამდე თითქმის გახევებულია და რქის ფერისაა.
მარცვალი: მომწვანო მოყვითალო ელფერით, მზის მხრიდან გასდევს მოვარდისფრო-მოყავისფრო შეფერვა მუქი ფერის მეტად წვრილი წერტილებით. საჯდომ ბალიშზე მტკიცედ არის მიმაგრებული. საშუალო სიდიდის. მოგრძო ოვალური ფორმის, შუა წელში უფრო განიერი. თხელკანიანი და ადვილად სკდება. რბილობი საკმაოდ ხორციანი და წვნიანია, მეტად ტკბილი და სასიამოვნო გემოსი. კანი მცირედ და ზოგჯერ საკმაოდ დაფარულია ცვილით.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18%, მჟავიანობა 6,5 გ/ლ.
მოსავლიანობა: 3,0-4,5 კგ/ძირზე. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 0,95-1,1.
სამეურნეო მიმართულება: სასუფრე.
სასუფრე ყურძნის დახასიათება: თხელკანიანი, მტევანი და მარცვალი გარეგნულად ლამაზია, საუკეთესო გემური თვისებები.
დამატებითი ინფორმაცია: განსაკუთრებით ადვილად ზინდება ნაცრით. ყურძენი სათანადო წესების დაცვით შეიძლება შენახულ იქნეს 60-70 დღემდე.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 164-168.
ავტორი: დავით მაღრაძე