საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

საფერავი


ჯიშის სახელწოდება: საფერავიsaferavi სინონიმი: უცნობია წარმოშობა: კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: დაფარულია სქელი ქეჩისებური შებუსვით, შეფერილია თეთრად და ღია ვარდისფერი არშია ავლია ახალგაზრდა ფოთოლაკების ირგვლივ. ახალგაზრდა ყლორტი ფუძისაკენ თანდათან კარგავს შებუსვას და ბაცი მწვანე ფერის ხდება. ფოთლის იღლიებში ახალგაზრდა კვირტებს აგრეთვე ვარდისფერი არშია აქვს. ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანი. საშუალო ზომის (22X20 სმ). ფირფიტა მომრგვალოა, იშვიათად კვერცხისებრი. ღია მწვანე, საკმაოდ უხეში. ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებულია. ზედა ამონაკვეთები საშუალო სიღრმისაა ან ზედაპირული, ხოლო ქვედა ამონაკვეთები ზედასთან შედარებით სუსტად განვითარებული და უფრო პატარა ზომის, ფორმით ნაპრალისებრი ან პარალელურგვერდებიანი ჩანგისებრი. კბილები გამოწეულგვერდებიანი, მახვილწვერიანი სამკუთხედისებრი ან ხერხკბილაა -სამკუთხედისებრი. ქვედა მხარე შებუსულია ქეჩისებურად. ყუნწი მომწვანო ფერისაა, იშვიათად მოწითალო-ღვინისფერი, დაჰყვება აბლაბუდისებრი ბეწვი. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის (სიგრძე 13–21სმ, სიგანე 7,5-12,0სმ), წონა კახეთში 140–160გ. ფორმით განიერკონუსისებრი და ფუძესთან დატოტვილი, იშვათად - მტევნის მხრების გადაზიდვის გამო, იგი კარგავს თავის ფორმას და უფორმო ხდება. მეტწილად მეჩხერია, იშვიათად საშუალო სიკუმსის. მტევანში საშუალოდ 100-120 მარცვალია. ყუნწის სიგრძე 4-6 სმ, ბალახისებრი, ადვილად მოსაწყვეტი, ბოლოში ხევდება და რქის ფერს იღებს. მარცვლის ყუნწის ბალიში ღია წითელი. მარცვლების სიმწიფისას ყუნწიც წითელი ხდება. მარცვალი: მუქი ლურჯი ფერისაა, თითქმის შავი. საშუალო ზომის (სიგრძე 1,3-2,0სმ, სიგანე 1,2-1,5სმ). ოვალური, შუა წელში განიერია, ბოლოში მომრგვალებული. კანი თხელი, მაგრამ მკვრივი, დაფარულია საკმაოდ სქელი ნაფიფქით. რბილობი წვნიანი და მდნადი, წიპწების ირგვლივ - ოდნავ მკვრივი, სასიამოვნო ტკბილი გემო აქვს. წიპწების რაოდენობაა 1-4. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,0-24,0%, მჟავიანობა 5,5-9,4 გ/ლ. მოსავლიანობა: 8,0-10,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: საუკეთესო მასალას იძლევა ყველა ტიპის ღვინისათვის. მას აქვს ინტენსიური მუქი ბროწეულის ფერი, ზომიერი სიმაგრე, ენერგია, სისრულე და სიხალისე, აგრეთვე თავისებური ჯიშური არომატი და ძლიერი ბუკეტი. შედარებით უფრო რბილი, სრულ ჰარმონიული, ხავერდოვანი ღვინოები დგება ალაზნის მარცხენა მხარეს, კავკასიონის მთისწინა ზოლში, საშუალო ჩონჩხიან ალუვიურ-კარბონატულ და ალუვიურ- არაკარბონატულ ნიადაგებზე. ადგილობრივი, კახური ტიპის საუკეთესო, სხეულით მეტად მდიდარ, სრულ წითელ ღვინოებს საფერავი იძლევა სოფლების კარდანახისა და ბაკურციხის მიდამოებში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) ძირითადად ყავისფერ და მუქ ყავისფერ ტყის ნიადაგებზე.
დამატებითი ინფორმაცია: ჭრაქსა და ნაცარს საფერავი შედარებით კარგად უძლებს. ფილოქსერის მიმართ სუსტ გამძლეობას ამჟღავნებს და პირველ რიგში მისგან ზიანდება. ახასიათებს მიდრეკილება ჭარბი ყვავილცვენისაკენ. ყინვას შედარებით კარგად უძლებს, თუმცა რქაწითელთან და მწვანე კახურთან შედარებით ნაკლებ ყინვაგამძლეა. დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ გავრცელებული ჯიშია საქართველოში (პირველ ადგილზეა წითელყურძნიან ჯიშებს შორის), აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 281-290. რამიშვილი მ., ამპელოგრაფია, სახელმძღვანელო უმაღლესი აგრონომიული სპეციალობის სტუდენტებისათვის, მე-2 გამოცემა, გამომცემლობა „განათლება“, თბილისი, 1986, გვ. 494-496. Tsertsvadze N. 2012. Georgia: native varieties of grape. In: Maghradze, D., Rustioni, L., Turok, J., Scienza, A., Failla O. (Eds). Caucasus and Northern Black Sea Region Ampelography. Vitis (special issue). Pp. 177-239. ავტორი: ლარისა ვაშაკიძე