საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

გორული მწვანე


ჯიშის სახელწოდება: გორული მწვანეgoruli-mwvane სინონიმი: მწვანე, ჯიშიანი, ლურჯი მწვანე, თეთრფოთოლა, ქვიშხური, სურამულა წარმოშობა: ქართლი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: მომრგვალო, ფუძესთან მნიშვნელოვნად დაფარულია მოთეთრო-მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსებით, შებუსვა უფრო ძლიერდება ყლორტის წვერისაკენ. კვირტები დაფარულია ქეჩისებრი ბუსუსებით და გადაჰკრავს მოვარდისფრო ელფერი. ზრდასრული ფოთოლი: მომრგვალოა ან ოდნავ განიერ-ოვალური. მუქი მწვანე, საშუალოზე დიდი - სიგრძე 13,5-20,6სმ, სიგანე 13,0-19,4სმ. თითქმის მომრგვალო ან განიერ-ოვალური ფორმის. ღრმად დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღია ჩანგისებრი, მომრგვალო ან მახვილი ფუძით. ზედაპირი მსხვილი ბუშტისებრია, ზოგჯერ გლუვია. ფოთოლი ზედა მხრიდან შეუბუსავია, ხოლო ქვევიდან მოფენილია თეთრი მონაცრისფრო ქეჩისებრი ბუსუსებით. ყუნწი შიშველია ან უმნიშვნელოდ შებუსულია, ღია მწვანე ფერისაა ოდნავ მოყვითალო ელფერით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: განიერ-კონუსური, განტოტვილი და ზოგჯერ იმდენად ვითარდება რომ ფორმასაც კი კარგავს, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის. თხელი ან საკმაოდ კუმსი კონსისტენციის. სიგრძე 16-19სმ, სიგანე 12,4-14,5სმ. საშუალო წონა 126,0-196,5გ. ყუნწის სიგრძე 3,5-5,5სმ აღწევს. ხშირ შემთხვევაში ყუნწი მუხლის მიმართ სწორ კუთხეს ქმნის, რაც ამ ჯიშის დამახასიათებელ თვისებად უნდა ჩაითვალოს. მარცვალი: ყვითელ-მომწვანო ფერისაა, ოდნავ მოვარდისფრო ელფერით, კანზე ივითარებს მუქი ფერის მეტად წვრილ წერტილებს და ალაგ-ალაგ დამწვრისებრ ლაქებს. საშუალო ზომისა, სიგრძე 12-19მმ, სიგანე 11,5-19,3 მ, მომრგვალოა ან ოდნავ განიერ-ოვალური. კანი სქელია და უხეში. რბილობი საკმაოდ მკვრივი და ხორციანი, ჩვეულებრივ ტკბილი და ოდნავ მომწკლარტო. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,0-21,5%, მჟავიანობა 6,6-9,0 გ/ლ. მოსავლიანობა: საშუალო, 8,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,2. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: გორული მწვანე მიეკუთვნება ხარისხოვან საღვინე ჯიშს და ქართლის ჯიშებს შორის სამართლიანად უჭირავს მოწინავე ადგილი. იგი გამოიყენება მაღალი ხარისხის სუფრის და ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. ღვინო ღია ჩალისფერია, ნაზი, საკმაოდ სხეულიანი, ჰარმონიული, ევროპული სტილის სუფრის ღვინისათვის დამახასიათებელი სასიამოვნო გემური თვისებებით. საქართველოს ღვინის კომპანიები ასხავენ გორული მწვანის ჯიშურ ღვინოს, რომელსაც თაფლისა და ველური ყვავილების მიმზიდველი სურნელი აქვს (Robinson et al. 2012).
დამატებითი ინფორმაცია: ზამთრის ყინვებს კარგად უძლებს. ახასიათებს საკმაო ყვავილცვენა და წვრილმარცვლიანობა. მგრძნობიარეა ჭრაქის მიმართ, ნაცრის მიმართ შედარებით გამძლეა. დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ გავრცელებული ჯიში. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 138-144; ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, თბილისი, 1987, გვ. 249-251; Robinson J., Harding J., Vouillamoz J. Wine Grapes, New York, HarperCollins Publisher. Pp. 2012. 418-419. Tsertsvadze N., Goruli Mtsvane. In: Caucasus and Northern Black Sea Region Ampelography, By Maghradze D., Rustioni L., Turok J., Scienza A., Failla O. (Eds) Vitis (special issue), 2012, p.193-194. ავტორი: დავით მაღრაძე