ტყის ყურძენა
ჯიშის სახელწოდება: ტყის ყურძენა
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: აჭარა
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: კვირტები გაშლის პერიოდში ღია მწვანე ან მონაცრისფრო-წითელია, სიწითლე უფრო მეტად ახასიათებს ზრდის კონუსთან და აგრეთვე გასაშლელი ფოთლების კბილებს, საკმაოდ არის შებუსული მონაცრისფრო ბეწვისებური ბუსუსით. ახალგაშლილი პირველი ფოთლის ზედა მხარე და აგრეთვე მისი მომდევნო მეორე და მესამე ფოთოლიც ზედა მხრიდან მომწვანო-იისფერია, მოწითალო ელფერით. ორივე მხრიდან შებუსვა უფრო მეტად ახასიათებს პირველ ფოთოლს, შემდგომ ფოთლებზე კი შებუსვა თანდათანობით მცირდება. ბუსუსი ბეწვისებური და მონაცრისფროა. ყლორტი ღია მწვანეა, ცალ მხარეს მუქი მოწითალო ელფერით, შებუსულია მცირედ მონაცრისფრო-თეთრი ბეწვისებური ბუსუსით, შებუსვა უფრო ძლიერდება ყლორტის წვერისკენ.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო ან განივ-ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული, გვხვდება საკმაოდ დანაკვთული ფოთლებიც. ყუნწის ამონაკვეთი ჩანგისებურია მომრგვალო ან ბრტყელი ფუძით, გვხვდება თაღისებური ფორმის ამონაკვეთებიც. კბილები უფრო ხშირად გუმბათისებურია, იშვიათად კი ხერხკბილა-სამკუთხედისებური. ფირფიტის ქვედა მხარე თითქმის შეუბუსავია, მხოლოდ ძარღვების გასწვრივ არის ძალიან მცირედ შებუსული.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: მცირე ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელი, საშუალო მასა შეადგენს 88,0 გრამს.
მარცვალი: მცირე ზომის, მრგვალი, მუქი წითელი ფერის, მცირედ დაფენილი ცვილით, სქელკანიანი. რბილობი ნაკლებ ხორციანი და უფრო მეტად წვნიანი. უმეტესად ერთწიპწიანი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 14,5 %, მჟავიანობა 10,7 გ/ლ.
მოსავლიანობა: დაბალმოსავლიანი.
სამეურნეო მიმართულება: მოსავლიანობის და საგემოვნო თვისებების მიხედვით სამეურნეო ღირებულებას მოკლებულია.
დამატებითი ინფორმაცია: გავრცელებულია მაღლარების სახით ზემო აჭარაში (ხულოს რაიონი), განსაკუთრებით ტყეებში და გზის პირებზე. სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის მეორე ნახევრიდან. ვაზი ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ შედარებით გამძლეა.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 255-257.
ავტორი: ირმა მდინარაძე