ზაქათალის თეთრი
ჯიშის სახელწოდება: ზაქათალის თეთრი
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: კახეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი:
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის (18X18სმ), მომრგვალო-გულისებრი ფორმის. სამნაკვთიანია, სუსტად დანაკვთული, ზოგი ფოთოლი დაუნაკვთავია. ყუნწის ამონაკვეთი ღია თაღისებურია. ფოთლის ზედაპირი ამობურცულია და დანაოჭებული. ქვედა მხრიდან დაფარულია სუსტი ჯაგრისებური ბუსუსებით. სამკუთხედისებური არათანაბარი კბილები. ყუნწის სიგრძე მთავარი ძარღვის სიგრძის ტოლია, მწვანე ფერის, რქასთან ახლოს მოწითალო ფერის.
ყვავილი: მდედრობითი.
მტევანი: საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომის (12X5სმ). ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსისებრი ფორმის. საშუალო სიკუმსის ან მეჩხერი, ახასიათებს მარცვალცვენა და წვრილმარცვლიანობა, მტევნის ყუნწი მოკლეა, 2-3 სმ სიგრძის. მტევნის წონა საშუალოდ 75-100 გ. მტევანში დიდ-პატარა მარცვლების რაოდენობა საშუალოდ 100-120.
მარცვალი: საშუალო ზომისაა (2.0X2.0სმ), მრგვალი, ღია ყვითელი მომწვანო ელფერით. კანი თხელი. მარცვლის ყუნწი მწვანე, ბალიში ხორკლიანი, მარცვალი ადვილად სცილდება ყუნწს, წიპწა კი რბილობს ძნელად სცილდება. მარცვალში 2-3 ღია ყავისფერი წიპწა, რომლის ნისკარტი მომწვანო ფერისაა და წვერო მომრგვალებული.
ყურძნის წვენი: შაქარიანობა 21,0%, მჟავიანობა 5,5 გ/ლ.
მოსავლიანობა:
სამეურნეო მიმართულება: საღვინე
ღვინის დახასიათება: სუფრის თეთრი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: ზაქათალის თეთრი სოკოვან დაავადებათა მიმართ საშუალო გამძლეობისაა. რქა ღია ყავისფერი, მუქი ყავისფერი ზოლებით, მუხლთაშორისების სიგრძე 10-12 სმ. ერთეული ძირების სახით გავრცელებული იყო ზაქათალის ვენახებში. საშუალო პერიოდის სიმწიფის ჯიშია.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ქურთიაშვილი ო., ამბროსიძე გ., დათუაშვილი ნ., გიორგობიანი ნ., ჩიკვაიძე ლ.. მცირედ გავრცელებული ვაზის კახური ჯიშების შესწავლის საკითხისათვის. წიგნში: ვაზისა და ხეხილის გენოფონდი საქართველოში. სამეცნიერო შრომების კრებული. რედ. მაღრაძე დ., მდინარაძე ი. მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2008, გვ. 62-69.
Катарьян Т.Г. (Ред.), Каталог сортов ампелографических коллекций СССР, Изд-во Всесоюзного НИИ виноделия и виноградарства «Магарач». Ялта, 1962, 493с.
ავტორი: დავით მაღრაძე