საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ჭყაპა


ჯიშის სახელწოდება: ჭყაპაchyapa სინონიმი: უცნობია წარმოშობა: ქართლი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და ახლად გაშლილი ორი ფოთოლაკი შებუსულია ძლიერად. შეფერილია მოთეთრო-მონაცრისფროდ და მოვარდისფრო არშია აკრავს. ზრდასრული ფოთოლი: სამ- ან ხუთნაკვთიანია. დიდი ზომის (სიგრძე 15–20სმ, სიგანე 13,5–18,5სმ). ოვალურია ან მომრგვალო. ფირფიტა სწორმდგომი ან ბოლოები ქვემოთაა დაზნექილი. ზედაპირი გლუვი ან წვრილბურთულებიანი. ზედა ამონაკვთები ზეზეური, შეჭრილკუთხისებრი, გვხვდება დახურული განიერ- ან ვიწროელიფსური ამონაკვეთებიც წამახვილებული კუთხით. ქვედა ამონაკვთები ხშირად შეუმჩნეველია. ქვედა მხარე საშუალოდ ან სუსტად შებუსული ქეჩისებრ-აბლაბუდისებრი მასით. ყუნწის ამონაკვეთი ღრმაა, ღია თაღისებრი ან ჩანგისებრი ფორმის. მთავარი ნაკვთები ბოლოვდება მომრგვალო ან წამახვილებული საშუალო ზომის კბილით. გვერდითი კბილები მცირე ზომისაა, მახვილწვეროიანი სამკუთხედისებრი. იშვიათად განიერფუძიანი, გვერდებამოზნექილი. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომისაა (სიგრძე 15–18 სმ, სიგანე 8–9 სმ). კუმსია ან საშუალოდ კუმსი. მეტწილად ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმისაა. ხშირად ფრთიანიც გვხვდება. მტევნის საშუალო წონა 135–155 გ. მარცვალი: მომრგვალო, იშვიათად ოვალური. საშუალო ზომის (13 X 17 მმ). რბილობი ძლიერ წვნიანია და ტკბილი სასიამოვნო შაქარ–მჟავიანობით. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,0–19,0 %, მჟავიანობა 5,5–7,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 7,0–9,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების საღვინე ჯიშია. გამოიყენება საკუპაჟე მასალად, ღვინო დუნეა და მდარე ხარისხის.
დამატებითი ინფორმაცია: ჭრაქისა და ნაცრისადმი, ასევე ყურძნის ჭიის მიმართ დიდ გამძლეობას იჩენს, სხვა ჯიშებთან შედარებით, ხოლო აბლაბუდიანი ტკიპისადმი საშუალო გამძლეობით ხასითდება. ზღვის დონიდან 600 მ-მდე ჯიში ნაკლებ ყურადღებას იმსახურებს. ხოლო უფრო მაღლა, 650–850 მ-მდე, შედარებით უკეთესი ხარისხის ღვინოს იძლევა და წვენის გამოსავლიანობაც კარგი აქვს. ჯიში ძველად საკმაოდ გავრცელებული ყოფილა ქართლში. ჩოლოყაშვილის (1940) ინფორმაციით, ის არსებობდა მცხეთის, კასპის, დუშეთისა რაიონებში და თბილისის შემოგარენში. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: კიკაჩეიშვილი რ., ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის, გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963, გვ 88–96; ჩოლოყაშვილი ს., რცხილაძე ი., საქართველოს მევენახეობა და მისი განვითარების პერსპექტივები, თბილისი, 1940; Лоладэе В.Р., Ампелография СССР. Малораспространенные сорта винограда, Том 3, Пищепромиздат, Москва, 1966Ю ст. 458-459. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი