აბშილური
ჯიშის სახელწოდება: აბშილური
სინონიმი: ავშილური
წარმოშობა: სამეგრელო

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი - მოთეთრო-მოწითალო, იისფერი ელფერით და სქელი ქეჩისებური შებუსვით. ყლორტი - ბაცი მწვანე, მზით განათებულ მხარეს მოწითალო-იისფერი, სუსტი აბლაბუდისებური შებუსვთ, რომელიც უფრო ძლიერდება წვერისაკენ.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო, თითქმის ოვალური, სამ-, ხუთნაკვთიანი, სუსტად ან საშუალოდ დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, მახვილი ფუძით. კბილები, უფრო ხშირად, ხერხკბილა-სამკუთხედისებურია, ამოზნექილი გვერდებით და მახვილი წვერით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ქეჩისებური შებუსვით. მთავარი ძარღვები ბაცი მწვანე ფერისაა, ფუძესთან იასამნისფერი, სუსტი აბლაბუდისებური შებუსვით.
ყვავილი: მდედრობითი.
მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსისებური, საშუალო სიკუმსის. ახასიათებს ფრთა, რომელიც თითქმის მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს. საშუალო მასა - 100-217 გ.
მარცვალი: მუქი წითელი ფერის, საშუალო სიდიდის,
მომრგვალო ან მცირედ ოვალური, საკმაოდ სქელკანიანი, ცვილის სქელი ნაფიფქით. კანი ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი წვნიანია, ხორციანი, ჩვეულებრივი ტკბილი გემოსი. მარცვლები მტევანში არათანაბრად მწიფდება, სრულ სიმწიფეშიც კი რჩება თითო-ოროლა მოუმწიფებელი მარცვალი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,5-19,8 %, მჟავიანობა 7,7-8,7 გ/ლ.
მოსავლიანობა: 2,0 - 2,5 კგ/ძირზე.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: აბშილურს ახასიათებს ძლიერი ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის ბოლოს. გამოყენებული შეიძლება იქნეს ყურძნის წვენის დასამზადებლად. სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“. თბილისი 1948, გვ. 145-147;
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა. თბილისი, 1987, გვ. 219.
Рамишвили М. А., Авшилури, В: Ампелография СССР. Малораспространённые сорта винограда. Отв. Ред. Негруль А.М. Изд-во ' Пищевая промышленность', Москва 1963, Том I. ст. 12-14.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე