საბატონო
ჯიშის სახელწოდება: საბატონო
სინონიმი: მსხვილთვალა, კუმსი ყვითელი, დიღმური
წარმოშობა: ქართლი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და ორი ფოთოლაკი შებუსული თხელი აბლაბუდისებრი ბუსუსით. ლიმონისფერია, გარშემო ღვინისფერი არშია დაჰყვება.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის (სიგრძე 15–18სმ, სიგანე 14–17სმ). მომრგვალო, ძაბრისებრი ფორმის. ზედაპირი წვრილბურთულებიანია. შეფერილი მუქ მწვანედ. დანაკვთვა საშუალო. ზედა ამონაკვეთები ხშირად შეუმჩნეველი, შეჭრილკუთხისებრია. ქვედა ამონაკვეთები სუსტად გამომოხატული, ხშირად შეჭრილკუთხისებური, იშვიათად საშუალო სიღრმისაა. ყუნწის ამონაკვეთი ღია, მომრგვალო, ასიმეტრიული. ქვედა მხარე შებუსულია საშუალოდ ჯაგრისებრი ბუსუსებით. მთავარი ნაკვთების დაბოლოება მართკუთხა, იშვიათად ბლაგვკუთხაა. ისინი ბოლოვდებიან სწორკუთხა სამკუთხედისებრი მახვილწვერიანი კბილებით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის (სიგრძე 13–16სმ, სიგანე 7–10სმ). ცილინდრული ფორმის. გვხვდება ფრთიანი მტევნებიც. კუმსი, იშვიათად საშუალოდ კუმსი.
მარცვალი: საშუალოზე დიდი ზომის (სიგრძე 16–19მმ, სიგანე 14–17მმ). ოვალური, იშვიათად მომრგვალო. სიკუმსის გამო ზოგჯერ შებრტყელებულია. კანი საკმაოდ სქელია. რბილობი მკვრივი, კნატუნა, სასიამოვნო შაქარ–მჟავიანობით. ჯიშური არომატი არ ახასიათებს.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 15,0-17,0 %, მჟავიანობა 5,0-7,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: 6,0–7,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიიენტი:1,1-1,3.
სამეურნეო მიმართულება: სასუფრე.
სასუფრე ყურძნის დახასიათება: მტევანი ლამაზია, კუმსი, მოყვითალო, სასიამოვნო გემოსი, კნატუნა.
დამატებითი ინფორმაცია: ნაცრისადმი უფრო გამძლეა, მაგრამ შედარებით აზიანებს ჭრაქი.მოსახლეობა ამ ყურძენით, ალბათ, ღვინის საბატონო ღალას ისტუმრებდა, საიდანაც შეერქვა ეს სახელი (ჯავახიშვილი, 1934). ყანდურალოვს თავის შრომაში დასახელებული აქვს „დიღმურის“ სინონიმად (კანდურალოვი,1897). ძველად ეს ჯიში უფრო ყოფილა გავრცელებული ქართლის ვენახებში, ამჟამად მისი არეალი შემცირებულია. ძირითადად გვხვდება ქსნისა და ლიახვის ხეობებში.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
კიკაჩეიშვილი რ., ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963, გვ. 129–133.
ჯავახიშვილი ივ., საქართველოს ეკონომიკური ისტორია, ტ. 2, თბილისი, გვ. 543.
Кандуралов П.,Сборник сведении по виногр. и винодел. на Кавказе, вип. VIII, Тифлис,1897,1934, стр. 42.
ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი