საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ბუზა


ჯიშის სახელწოდება: ბუზაბუზა სინონიმი: ბუზის ყურძენი, ბუზის საჭმელი, ჩიტის ყურძენი, ჭანჭუდოლი (სომხურად), ფოგელტრაუბე (ჩიტის ყურძენი გერმანულად). წარმოშობა: ქართლი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და ორი ფოთოლაკი შებუსული ძლიერად. შეფერილი მომწვანო მონაცრისფროდ გარშემო   ვარდისფერი არშიით. ზრდასრული ფოთოლი: ხუთნაკვთიანი. საშუალო ზომის (სიგრძე 13–16სმ, სიგანე 12–15სმ). გულისებრი ფორმის. ზედაპირი გლუვი ან წვრილბურთულაკებიანი. ზედა ამონაკვეთები ფორმით ნაპრალისებრი და შეჭრილკუთხისებრი, იშვიათად ღრმა. ქვედა ამონაკვეთები ნაპრალისებრი, ფორმით ისრისებური ან პარალელურგვერდებიანი მახვილი ფუძით. ყუნწის ამონაკვეთი ღრმაა, თაღისებრი ან მომრგვალო, ვიწრო ყელით და წამახვილებული ფუძით. გვხვდება დახურული ელიფსური ამონაკვეთები მახვილი ფუძით, ერთ რომელიმე მხარეზე დეზით. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია სუსტად. მთავარი ნაკვთები სწორკუთხედისებრი, ბოლოვდება მაღალი მახვილწვერიანი სამკუთხა კბილებით. გვერდითი კბილები განსხვავებული, ბოლოვდება ღრმად შეჭრილი და გვერდებამოზნექილი მომრგვალო წვერებით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: პატარა ან საშუალო ზომის, სიგრძე 13-15 სმ, სიგანე 5–6 სმ. ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური, ხშირად ფრთიანი. საშუალო წონა 130–140 გ. მარცვალი: მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. სიგრძე 13–15 მმ, სიგანე 12–14 მმ. ყვავილსაჯდომთან მცირედ შებრტყელებული. შეფერილია ლალისფრად. გარშემო დაფარულია ინტენსიური ცვილისებრი მასით. რბილობი წვნიანი, ადვილად სცილდება როგორც კანს, ისე წიპწას. გემო სასიამოვნო, მჟავიანობა შედარებით დაბალი, ჯიშური არომატი არ ახასიათებს. წვენი ოდნავ შეფერილია. კანი თხელია, ნაზი, ადვილად სკდება და  წვენი ეღვრება. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,0–21,0%, მჟავიანობა 4,5–6,5 გ/ლ. მოსავლიანობა: 5,6–7,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,4-1,6. სამეურნეო მიმართულება: საღვინე-სასუფრე. ღვინის დახასიათება: ჯიში იძლევა დაბალი ხარისხის სუფრის წითელ ღვინოს. სასუფრე ყურძნის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენი. შედარებით ადრე მწიფდება.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ საშუალოდ გამძლეა. აბლაბუდიანი ტკიპისადმი საშუალოზე მეტ გამძლეობას იჩენს. კანი სრულ სიმწიფეში ადვილად სკდება, წვენი იღვრება და  ბუზები ეხვევიან. ამ თვისების გამო მოსახლეობამ მას ბუზა, ანუ „ბუზის ყურძენი“ შეარქვა. სუფთა ნარგაობა საქართველოს არცერთ კუთხეში არ გვხვდებოდა, ხოლო ერთეული ძირების სახით არსებობდა ქართლის  ვენახში. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: კიკაჩეიშვილი რ., ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის, სახელმწიფო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963, გვ. 188–192; Чахнашвили Н.Д., Буза, Ампелография СССР, Малораспрастраненние сорта винограда,  Пишепромиздат, Москва, 1963, Ст. 249-251. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი